ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (IST) სადოქტორო პროგრამა საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში
ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი (IST) აცხადებს სადოქტორო პროგრამას საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრისა ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა ან კომპიუტერულ მეცნიერებებში.
პროგრამის ძირითადი სამუშაო ენაა ინგლისური.
პროგრამა დაიწყება 2011 წლის სექტემბერში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელი სტუდენტებისათვის გაფორმდება ოთხ წლიანი სამუშაო კონტრაქტი, ხოლო ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი სტუდენტებისათვის ხუთ წლიანი სამუშაო კონტრაქტი.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას. ასევე ანაზღაურდება სხვადასხვა კონფერენციებსა თუ სემინარებზე გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები და დამატებით გერმანული ენის შემსწავლელი კურსების გავლის ღირებულება.
პროგრამაზე წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სამი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისგან, რომლებიც უშუალო ხელმძღვანელობას ან მეთვალყურეობას უწევდნენ კანდიდატის აკადემიურ - კვლევით საქმიანობას;
• სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც უნდა ერთვოდეს სრულყოფილი რეზიუმე (CV) და ერთ-ორ გვერდიანი სამოტივაციო განცხადება, სადაც მოცემული იქნება თუ რატომ გადაწყვიტა სტუდენტმა პროგრამაში მონაწილეობა, პროგრამით გათვალისწინებული დარგებიდან რომელს მიიჩნევს უფრო საინტერესოდ და რა კუთხით სურს სწავლის გავლა;
• ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაბამის ნიშნების ფურცელთან ერთად;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია TOEFL ტესტისა ან იელტური შეფასების მიხედვით.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.