ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აშშ - ს მინესოტას უნივერსიტეტის სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის

აშშ - ს მინესოტას უნივერსიტეტის კვების კოლეჯის გამოყენებითი ეკონომიკის ფაკულტეტი სასოფლო–სამეურნეო და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტთან თანამშრომლობით აცხადებენ კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის მინესოტას უნივერსიტეტში სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსის შედეგად სტიპენდია დაენიშნება 4 სტუდენტს: 2 სტუდენტს სასოფლო - სამეურნეო ბიზნესის, კოოპერატიული საქმიანობის ან მონათესავე სფეროებიდან, 2 სტუდენტს კი საბანკო, საბუღალტრო და საფინანსო მიმართულებებიდან. თითოეულ სტუდენტზე სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 5.000 აშშ დოლარს. სტიპენდიებს სპონსორობას უწევს მინესოტას ერთ–ერთი წამყვანი ბანკი სახელწოდებით „CoBank”.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ 3.0 საშუალო სასწავლო (GPA) ქულას მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში და მინესოტას უნივერსიტეტში პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებების განხრით ჩარიცხულნი უნდა იყვნენ 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე.

სტიპენდიის მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც თან უნდა დაერთოს რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება კანდიდატის წარსული აკადემიური მოსწრება, აგრეთვე სამომავლო მიზნები და ინტერესები.
  
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 13 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები