ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აშშ - ს აღმოსავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიები წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის

აშშ - ს აღმოსავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სხვადასხვა დარგებში სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიის მისაღებად განაცხადის წარდგენის სავალდებულო პირობას წარმოადგენს, რომ სტუდენტი უკვე მიღებული იყოს ტენესის უნივერსიტეტის მიერ სასურველი სასწავლო კურსის გასავლელად. მოცემული სტიპენდიებით ანაზღაურდება მხოლოდ სასწავლო ხარჯების 50 პროცენტი და ძირითადი საარსებო ხარჯები. ყველა სხვა ხარჯების ანაზღაურება თავად მოუწევთ მონაწილე სტუდენტებს. ბაკალავრიატის სტუდენტებს სტიპენდიები შესაძლებელია დაენიშნოთ 8 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, მაგისტრატურის სტუდენტებს 5 სასწავლო სემესტრის განმავლობაში,  დოქტორანტურის სტუდენტებს 8 სასწავლო სემესტრის განმავლობაში (თუ კონკრეტული პროგრამის ხანგრძლივობა არ ითვალისწინებს სხვაგვარ პირობებს). აღსანიშნავია, ტენესის უნივერსიტეტში სწავლის პროცესში სტიპენდიის შესანარჩუნებლად ბაკალავრიატის სტუდენტები უნდა ინარჩუნებდნენ 2.75 საშუალო სასწავლო ქულას, უფრო მაღალი საფეხურის სტუდენტები კი 3.0 საშუალო სასწავლო ქულას.

სტიპენდიის მიღების მსურველი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
•    წარადგინონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    ოფიციალურად ჩარიცხულნი იყვნენ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის მაძიებელ სრულგანაკვეთიან სტუდენტებად;
•    ფლობდნენ ან უახლოეს მომავალში იღებდნენ F-1 ან J-1 სტუდენტურ ვიზას;
•    წარადგინონ აკადემიური მოსწრების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტაცია.

2011 წლის შემოდგომის სემესტრისათვის განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი, 2012 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კი 2011 წლის 1 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები