ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

საქართველოს ფუტსალის ლიგა იწყება!

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2021/22 წწ. სეზონი 14 ოქტომბერს აიღებს სტარტს.

უკვე ტრადიციულად, ილიაუნი პროფესიულ ლიგაში ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი. ფუტსალის ლიგა 2 სტარტს 30 ოქტომბერს აიღებს და ილიაუნი 2 მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოვა.

წარმატებული წლის შემდეგ განახლებულ ჩემპიონატს ილიაუნის პირველი გუნდი გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. ნაკრებს შეუერთდა 5 გამოცდილი მოთამაშე, რომელთაც მალე გაგაცნობთ.

მათთვის, ვისაც უნივერსიტეტის სახელით სურს იასპარეზოს საუნივერსიტეტო და ქვეყნის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატებში, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მიღებას გამოაცხადებს. მოთამაშეები შეირჩევიან შესაბამისი სინჯების გავლის შემდეგ.

ილიაუნის ფუტსალის გუნდი პროფესიულ დონეზე მეოთხე წელია თამაშობს. დებიუტი მეორე ლიგაში შედგა და სეზონი ვიცე-ჩემპიონობით დავასრულეთ. შემდეგ წელს გუნდი უმაღლეს ლიგაში კვალიფიცირდა, რომელშიც პირველივე წელს ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. გასული სეზონი ორივე გუნდისთვის წარმატებული გადმოდგა. პირველმა გუნდმა საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშება მოიგო, მეორემ – ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ამ ეტაპზე თამაშებზე დასწრება აკრძალულია.

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბ არხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება, სადაც შეგვიძლია ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებებს.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ორივე გუნდს წარმატებულ სეზონს უსურვებს.

საქართველოს ფუტსალის ლიგა ჩატარდება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით. ამ ეტაპისთვის ილიაუნის გუნდის შემადგენლობის 90% ვაქცინირებულია.

2021 წელი

ბანერები