ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი გიორგი იანქოშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი გიორგი იანქოშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში სტატიის Estimating Area of Occupancy From Incomplete Occurrence Records: Reproducible Workflow Illustrated on a Comprehensive Dataset of Georgian Snakes გამოქვეყნებისთვის.
გამოცემა: Ecology and Evolution (2026) – ეკოლოგიის დარგის ერთ-ერთი წამყვანი, მაღალრეიტინგული საერთაშორისო ჟურნალი (გამომცემლობა Wiley).
აბსტრაქტი
სტატია (თანაავტორი: დავით თარხნიშვილი) ეხება კონსერვაციული ბიოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას: რამდენად ზუსტად ფასდება იშვიათი და ფარულად მცხოვრები სახეობების გავრცელების არეალი და გადაშენების რისკები. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) სახეობის დაკავებული არეალის (AOO) შესაფასებლად სტანდარტულად იყენებს ფიქსირებულ 2×2 კმ ბადეს. თუმცა იმ სახეობებისთვის, რომლებზეც მონაცემები მწირი ან ფრაგმენტულია (მაგალითად ქვეწარმავლები და მცირე ზომის ცხოველები), ეს მეთოდი თითქმის ყოველთვის იწვევს რეალური არეალის კრიტიკულ ხელოვნურ შემცირებას. ავტორებმა შეიმუშავეს სრულიად ღია სამუშაო პროცესი და R-ის სკრიპტი, რომელიც დაგროვების მრუდებისა (saturation curves) და გარდატეხის წერტილების (breakpoint analysis) ანალიზით პოულობს კონკრეტული სახეობისთვის ოპტიმალური ბადის ზომას. მოდელის გამოცდამ საქართველოს გველების 13 სახეობის სრულ მონაცემთა ბაზაზე აჩვენა, რომ სახეობების უმრავლესობისთვის ოპტიმალური მასშტაბი 4-დან 13 კმ-მდეა (და არა 2 კმ). ვალიდაციამ დაადასტურა, რომ შემოთავაზებული ალგორითმი შემთხვევათა 96-98%-ში ბევრად უფრო ზუსტ შედეგს იძლევა, ვიდრე მონაცემების პირდაპირი დათვლა.
2026