ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2018
ღონისძიებები
29 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში რიგით მე-7 სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ჩატარდა.
წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია.
40-მდე კარავში, ღია ცის ქვეშ, საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგვთავაზებენ მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან და ევროპიდან; საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.
ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმობა.
პიკნიკის ფარგლებში მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს საინტერესო თემებზე.
სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე, ტრადიციულად, წელსაც დავაჯილდოვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებულ პირველკურსელებს.
დაჯილდოების შემდეგ მთავარ სცენაზე გაიმართება კონცერტი.
კონცერტზე დაუკრავენ:
- Bedford Falls
- Killages
- Ziad Aliev-ის DJ სეტი
ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.
ისტორია
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს შვიდწლიანი ისტორია აქვს და 2012 წლიდან მოყოლებული ტარდება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის მოდელით, რომელიც ევროპაში აღიარებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ღონისძიებად.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
- 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკმა 7 000- მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
- 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი; ღონისძიება ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში; სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა პირველი მასშტაბური რობოტების თამაში საქართველოში. ღონისძიებამ 13 000- მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
- 2014 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის სცენაზე შთამბეჭდავი სამეცნიერო შოუ დადგა DR. MOLECULA-მ; ინტერაქტიული სასცენო პროგრამით წარდგა 5-მდე მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფი ევროპიდან; ღონისძიებამ 15 000-მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
- 2015 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართა ინოვაციურ გამოგონებათა პირველი გამოფენა საქართველოში. სამეცნიერო პიკნიკსა და გამოფენას 18000-მდე დამთვალიერებელი ჰყავდა;
- 2016 და 2017 წლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა
- 2018 წლის ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მიერ შემუშავებულ პროექტში „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ მოცემული მდგრადი განვითარების 17 მიზანი იქნება და სრულიად განახლებული პროგრამით ჩატარდება.
დრო: 29 სექტემბერი, სამეცნიერო პიკნიკი: 12:00 - 18:00; Welcome Party: 18:00 – 23:30 ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი
2018 წელი