ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2015

2015

ლევან მუმლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლევან მუმლაძე სტატიისთვის Oribatid mite communities along an elevational gradient in Sairme gorge (Caucasus) (“საირმის ხეობის ნიადაგის ტკიპების მრავალფეროვნება ზღვის დონიდან სიმაღლის გრადიენტში”), რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში Experimental and Applied Acarology

სტატია: „საირმის ხეობის ნიადაგის ტკიპების მრავალფეროვნება ზღვის დონიდან სიმაღლის გრადიენტში“

აბსტრაქტი

ბიომრავალფეროვნების გავრცელება ზღვის დონიდან სიმაღლის გრადიენტში ინტენსიური კვლევის სფეროა, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამაა ცნობილი ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმების შესახებ. კვლევის მიზანი იყო, დაგვედგინა ნიადაგის ტკიპების გავრცელების სქემა სიმაღლის გრადიენტში საირმის ხეობის მაგალითზე (ზღვის დონიდან 600-2200 მეტრის ფრგლებში). კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

  1. ტკიპების მრავალფეროვნება წრფივად იკლებს სიმაღლის ზრდასთან ერთად;
  2. დასახლების სიმჭიდროვე დაბალია (9800 ინდ/მ2);
  3. სახეობათა 74% სქესობრივად გამრავლებადია.

აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ ხეობის ნიადაგი შედარებით ღარიბია რესურსების ხარისხის თვალსაზრისით. ამასთან, რესურსების სიმცირე და ტემპერატურის წრფივი დაცემა სიმაღლის გრადიენტში განაპირობებს მრავალფეროვნების წრფივ კლებას მთელ გრადიენტში ნაცვლად მრავალფეროვნების უნიმოდალური ცვალებადობისა, რაც ტიპიურია მთის ეკოსისტემებისათვის. ამდენად, საკვლევი ტერიტორია უფრო მსგავსია ტროპიკებთან, ვიდრე ზონალური სარტყლის მთათა სისტემებთან.

ლაშა სუხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სტატიისთვის Fluvial sediments of the Algeti River in southeastern Georgia — An archive of Late Quaternary landscape activity and stability in the Transcaucasian region (“მდინარე ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები
 - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ”), რომელიც გამოქვეყნებულია
საერთაშორისო ჟურნალში CATENA

სტატია: „ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ“

აბსტრაქტი

სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გვიან მეოთხეულში ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის პერიოდების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მოხდა მდინარე ალგეთის ქვედა დინებაში ფლუვიალური სედიმენტების შესწავლა გეომორფოლოგიური, სედიმენტოლოგიური და გეოქრონოლოგიური მეთოდებით. კვლევა მოიცავდა მდინარის ტერასების აგეგმვას, მდინარის ნაპირებზე არსებული გაშიშვლებების სტრატიგრაფიულ აღწერას, პალეონიადაგების სედიმენტურ ანალიზს და ჭრილების ასაკების რაოდენობრივ დათარიღებას 14C რადიონახშირბადული და ოპტიკურ-ლუმინესცენცური (OSL) მეთოდებით.

ნაშრომში განხილულია ის კორელაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, მყარდება კვლევის შედეგებსა და პალეოკლიმატურ ანუ ბუნებრივ და ისტორიულ-ანთროპოგენურ მოვლენებს შორის.

ზურაბ ვაშალომიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ–მკვლევარი  ზურაბ ვაშალომიძე სტატიისთვის Formation and evolution of coronal rain observed by SDO/AIA on february 22, 2012 („კორონალური წვიმის ფორმირება და ევოლუცია დაკვირვებული კოსმოსური ობსერვატორიიდან SDO/AIA 2012 წლის 22 თებერვალს"), რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში Astronomy & Astrophysics April 15, 2015.

სტატია: „კორონალური წვიმის ფორმირება და ევოლუცია დაკვირვებული კოსმოსური ობსერვატორიიდან SDO/AIA 2012 წლის 22 თებერვალს“

აბსტრაქტი:

ჩვენ შევისწავლეთ ქრომოსფერული და გარდამავალი ზონის ტემპერატურის მქონე მკვრივი და ცივი ნივთიერების ვარდნა მზის ზედაპირზე, რასაც ხშირად კორონალურ წვიმას უწოდებენ. კორონალური წვიმის კატალოგის დამზადების შემდგომ, ამოვირჩიეთ ერთ–ერთი აქტიური რეგიონის მახლობლად კოსმოსური თანამგზავრის მიერ დაფიქსირებული კორონალური წვიმა. მზის დინამიკური ობსერვატორიის (SDO) მიერ დაფიქსირებული კორონალური წვიმის მონაცემები, Fits (Flexible Image Transport System) გაფართოების მქონე ფაილები გადმოვიწერეთ სტენფორდის უნივერსიტეტში არსებული JSOC-დან (Joint Science Operation Center). მიღებულ მონაცემებს ანალიზი ჩავუტარეთ SolarSoft Ware (SSW)-ის დახმარებით, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სპეციალური ბიბლიოთეკების, მონაცემთა ბაზებისა და სისტემური საშუალებების ერთობლიობას. ასევე, გამოთვლებისთვის გამოვიყენეთ მათემატიკური პროგრამა MATLAB.

ია ყოჩიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი და ნილს ბორის ინსტიტუტის ბნელი კოსმოლოგიის ცენტრის (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი) დოქტორანტი ია ყოჩიაშვილი სტატიისათვის Emission-line-selected galaxies at z = 0.6–2 in GOODS South: Stellar masses, SFRs, and large-scale structure („გამოსხივებისხაზიანი გალაქტიკები z=0.6-2-ზე GOODS სამხრეთში: ვარსკვლავიერი მასები, ვარსკვლავთწარმოშობის ტემპები და მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა“), რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Astronomy & Astrophysics.

სტატია: „გამოსხივებისხაზიანი გალაქტიკები z=0.6-2-ზე GOODS სამხრეთში: ვარსკვლავიერი მასები, ვარსკვლავთწარმოშობის ტემპები და მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა“

აბსტრაქტი:

ჩვენ მოვიპოვეთ GOODS-სამხრეთის ველის ღრმა ახლო ინფრაწითელი, ვიწრო და ფართოზოლოვანი (J და Y) გამონასახები. ვიწროზოლოვანი ფილტრის გამტარებლობის ცენტრი მოთავსებულია 1060 ნმ-ზე, რაც შეესაბამება z=0.62, 1.15 და 1.85 წითელ წანაცვლებებსა და ძლიერ Hα, [OIII]/Hβ და [OII] გამოსხივების ხაზებს, შესაბამისად. ამ მონაცემებიდან შევადგინეთ ემისიური ხაზების დიდი ექვივალენტური სიგანეების მქონე ობიექტების ზუსტად განსაზღვრული ნაკრები (M(AB)=24.8 აბსოლუტური სიდიდეებით ვიწროზოლოვან ფილტრში). სპექტრული ენერგიის განაწილების მეთოდით და უკვე გამოქვეყნებული მრავალზოლოვანი მონაცემთა კატალოგის დახმარებით, ჩვენ მოვახდინეთ გამოსხივების ხაზებისა და მათი შესაბამისი წითელი წანაცვლებების იდენტიფიკაცია. შედეგად მივიღეთ კარგად განსაზღვრული, ძლიერი გამოსხივების ხაზების მქონე ობიექტებისგან შედგენილი ისეთი გალაქტიკების სიმრავლე, რომელთა მასებიც გაცილებით ფართო არეს მოიცავს, ვიდრე კონტინუუმის შეზღუდული ნაკადით შერჩეული ობიექტების შემთხვევაში. ჩვენ მიერ სპექტრული ენერგიის განაწილებით შერჩეული ობიექტების ვარსკვლავთწარმოშობის ტემპის მთავარი მიმდევრობა შევადარეთ სხვა ავტორების შედეგებს და მივიღეთ, რომ გალაქტიკების ჩვენი ნაკრების შემთხვევაში მიმდევრობა უფრო ციცაბოა, ვიდრე უფრო მასიური გალაქტიკებისგან შედგენილი ნაკრებების შემთხვევაში. რის შედეგადაც დავასკვენით, რომ ვარსკვლავთწარმოშობის ტემპის მთავარი მიმდევრობის დახრილობა ხდება ციცაბო დაბალ (log(M*)

შევისწავლეთ და მოკლედ აღვწერეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, მცირემასიანი გალაქტიკების კარგად განსაზღვრული წითელი წანაცვლებების ნაკრებით, ახლებურად გავიაზროთ და შევისწავლოთ ადრეულ სამყაროში მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურის წარმოქმნა. კერძოდ, ამ მეთოდით ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალგაზრდა გალაქტიკური გროვა z=1.85 წითელ წანაცვლებაზე, რომლის ცენტრშიც არის ადრეული cD ტიპის გალაქტიკა; აგრეთვე, დიდი ალობათობით, აღმოვაჩინეთ ბოჭკო, რომელიც შედგება [OIII] და Hβ გამომსხივებელი გალაქტიკებისგან z=1.15 წითელ წანაცვლებაზე.

ბანერები