ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.

კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს. შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს.

2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2010-2014 წლებში პრემია 4 ნომინანტზე გაიცა.

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის.

ქრონოლოგია

2010 წელს პრემია აკა მორჩილაძემ მიიღო (რომანისთვის „მამლუქი“);
2011 წელს პრემია ზაზა ბურჭულაძემ მიიღო (რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“);
2012-2013 წელს პრემია მიიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისთვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“);
2014 წელს პრემია ზაზა ჭილაძემ მიიღო (უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის);
2015 წელს პრემია ნანა ექვთიმიშვილმა მიიღო (რომანისთვის „მსხლების მინდორი“);
2016 წელს პრემია არჩილ ქიქოძემ მიიღო (რომანისთვის „სამხრეთული სპილო").
2017 წელს პრემია გაიყვეს ლაშა ბუღაძემ (რომანისთვის "პატარა ქვეყანა") და ზურაბ ჯიშკარიანმა (რომანისთვის "საღეჭი განთიადები: უშაქროდ");

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს;
  • წიგნი უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს;
  • განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცემა;
  • გამარჯვებული გამოცხადდება 2018 წლის მაისში;
  • გამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას.

ბანერები