ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პიკნიკი

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2019

ღონისძიებები

28 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება. პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა  გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული; მხარდამჭერები არიან  საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია. 

40-მდე კარავში საინტერესო ექპერიმენტებს ჩაატარებენ, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგვთავაზებენ მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან და ევროპიდან; საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმობა. ასევე, განათლების კოალიციის  მხარდაჭერით სასცენო წარმოდგენებს გამართავენ რეგიონების საჯარო სკოლის მასწავლებლები, ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლები და მათი მოსწავლეები. 

პიკნიკის ფარგლებში  ვაკის მედიათეკაში მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს საინტერესო თემებზე.

 

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც დავაჯილდოებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებულ პირველკურსელებს.

დაჯილდოების შემდეგ მთავარ სცენაზე გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია – Welcome Party და კონცერტი.

კონცერტზე დაუკრავენ: 

  • Loudspeakers 
  • BearFox 
  • DJ: Audio Space

ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.


 ისტორია

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს შვიდწლიანი ისტორია აქვს და 2012 წლიდან მოყოლებული ტარდება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის მოდელით, რომელიც ევროპაში აღიარებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ღონისძიებად.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

  • 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკმა 7 000-მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
  • 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი; ღონისძიება ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში; სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა პირველი მასშტაბური რობოტების თამაში საქართველოში. ღონისძიებამ 13 000-მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
  • 2014 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის სცენაზე შთამბეჭდავი სამეცნიერო შოუ დადგა DR. MOLECULA-მ; ინტერაქტიული სასცენო პროგრამით წარდგა 5-მდე მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფი ევროპიდან; ღონისძიებამ 15 000-მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
  • 2015 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართა ინოვაციურ გამოგონებათა პირველი გამოფენა საქართველოში. სამეცნიერო პიკნიკსა და გამოფენას 18 000-მდე დამთვალიერებელი ჰყავდა;
  • 2016 და 2017 წლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა
  • 2018 წლის ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მიერ შემუშავებულ პროექტში „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ მოცემული მდგრადი განვითარების 17 მიზანი იყო და სრულიად განახლებული პროგრამით ჩატარდა.

დრო: 28 სექტემბერი, 12:00 -23:30

სამეცნიერო პიკნიკი: 12:00-18:00;

პირველკურსელების მიღების ცერემონია / Welcome Party: 18:00-23:30 

ადგილმდებარეობავაკის პარკი

დასწრება თავისუფალია.

2019 წელი

 

ბანერები