ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები ლაშა ბუღაძე და ზურაბ ჯიშკარიანი გახდნენ
ახალი ამბები
27 ივნისს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები – 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორები გამოვლინდნენ. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა ბუღაძე რომანით "პატარა ქვეყანა" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა") და ზურაბ ჯიშკარიანი რომანით "საღეჭი განთიადები: უშაქროდ" („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).
წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 20 ქართული რომანი. მათგან საუკეთესო 2 რომანი შეარჩია ილიაუნის პროფესორებისგან და სტუდენტებისგან შემდგარმა ჟიურიმ.
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი დაარსდა 2010 წელს. მას შემდეგ პრემია რვა ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრემია მიიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), 2011 წელს – ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია მიიღეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 2015 წელს ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისათვის „მსხლების მინდორი“). 2016 წელს კი პრემია გადაეცა არჩილ ქიქოძეს (რომანისთვის "სამხრეთული სპილო").