ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2021

პასკალის პრემიის 2021 წლის ლაურეატი

2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ეკოლოგიის მიმართულების დოქტორანტმა გიორგი ეპიტაშვილმა მოიპოვა პასკალის პრემია და დაჯილდოვდა 3000 ლარით. 

სტატია: ''Oxynoemacheilus phasicus, a new nemacheilid loach from the eastern Black Sea basin with some remarks on other Caucasian Oxynoemacheilus''

გამოქვეყნდა: 2021 წლის 8 აპრილს ჟურნალ Zootaxa-ში.

სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.biotaxa.org/Zootaxa/article/view/zootaxa.4952.1.8

აბსტრაქტი

სტატიაში აღწერილია მეცნიერებისთვის ახალი სახეობა რიონის გოჭალა – Oxynoemacheilus phasicus საქართველოდან, გავრცელებული მდინარეების – რიონისა და ენგურის აუზებში. ეს სახეობა Oxynoemacheilus-ების გვარის სხვა წარმომადგენლებისგან, რომლებიც მიეკუთვნებიან მტკვრის გოჭალას – O. brandtii ჯგუფს, განსხვავდება შემდეგი ნიშნებით: ზრდასრულ ინდივიდებს გვერდები ჭრელი ან მარმარილოსფერი აქვთ, კუდის ფარფლი – ოდნავ ჩაჭრილი და კუდთან არსებული სხეულის დაბოლოება – უფრო ღრმა. მოლეკულური მონაცემებით, კერძოდ მიტოქონდრიული COI ბარკოდებით, დადგინდა, რომ ახალი სახეობა მინიმუმ 7.5% K2P მანძილითაა დაცილებული მტკვრის აუზში გავრცელებული O. brandtii-სგან. სტატიაში ასევე ხელახლა გამოიკვლიეს კავკასიაში გავრცელებული შემდეგი სახეობები: O. brandtii და O. elsae. ჩვენი მოლეკულური მონაცემების მიხედვით, ძალიან მოხდენილი გარეგნობის უცხო სახეობა Oxynoemacheilus-ების გვარიდან, გავრცელებული მდინარე არაქსის აუზში, დაჯგუფდა O. elsae-თან, როგორც ახლო მონათესავე ფორმა, და არა მტკვრის აუზში გავრცელებულ O. brandtii-თან. ამის მიუხედავად, ეს სახეობა იდენტიფიცირდა როგორც მტკვრის გოჭალა – O. brandtii, რადგან აღნიშნული ფორმა მტკვრის გოჭალასგან მორფოლოგიური ნიშნებით არ განსხვავდებოდა.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ერთ კანდიდატზე ჯილდო გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

2021 წელი

ბანერები