ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ელეონორა ქირია პასკალის პრემიით დაჯილდოვდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ელეონორა ქირია პასკალის პრემიით დაჯილდოვდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში სტატიის Zootaxa Schendyla megobroba sp. nov. – a new centipede species from Georgia, South Caucasus (Chilopoda: Geophilomorpha: Schendylidae) გამოქვეყნებისთვის.
გამოცემა: Zootaxa (2026) – Clarivate Analytics-ის Web of Science Core Collection-ში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი, 0.9 იმპაქტ-ფაქტორით. ის სპეციალიზებულია ზოოლოგიური ტაქსონომიისა და სისტემატიკის მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი ტაქსონების აღწერას, ტაქსონომიურ რევიზიებსა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების დოკუმენტირებას.
აბსტრაქტი
სტატიაში აღწერილია ახალი სახეობა Schendyla megobroba Kiria & Stojanović, 2026 თბილისის ეროვნულ პარკში შეგროვებულ ინდივიდებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Schendylidae-ის ოჯახის წარმომადგენელი პირველად დაფიქსირდა. სახეობა გვარის სხვა წარმომადგენლებისგან ფეხების წყვილების რაოდენობით, პირის აპარატისა და ბოლო კიდურების სპეციფიკური მორფოლოგიური მახასიათებლებით განსხვავდება. ნაშრომი მოიცავს ამ გვარის ამჟამად ცნობილი ყველა სახეობის სარკვევს.
2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.
2026