დოქტორანტი მარიამ თოდუა დაჯილდოვდა პასკალის პრემიით
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოლოგია“ სტუდენტი მარიამ თოდუა დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Evolution სტატიის გამოქვეყნებისთვის.
სტატიის სახელწოდება: Collapsing landmasses and secondary contacts: introgression and the evolution of adaptive diversity in Caucasian rock lizards
გამოცემა: Evolution (2025) – Clarivate Analytics-ის ბაზაში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 2.6 იმპაქტფაქტორით. აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მე-16 ადგილი უკავია ეკოლოგიის მიმართულების 201 ჟურნალს შორის.
აბსტრაქტი
კავკასიური კლდის ხვლიკები (Darevskia) ცნობილია სახეობრივი მრავალფეროვნებით, ჰაბიტატების ფართო სპექტრთან ადაპტაციით, ჰიბრიდიზაციის ფართოდ გავრცელებული პატერნებითა და სახეობათშორისი გენური ინტროგრესიით. სტატია გვაცნობს სახეობათწარმოქმნის ისტორიას ამ გვარის მაღალდივერსიფიცირებულ „caucasica“-ის კლადში მიტოქონდრიული ციტოქრომ b გენის ფილოგენეტიკური ანალიზით (აღწერილი 16 სახეობის რეპრეზენტაციულ ნიმუშებში) და მთლიანგენომური ერთნუკლეოტიდიანი პოლიმორფიზმის მონაცემებით, რომლებიც გენოტიპირებულია ddRAD-seq მეთოდით (6 შიდა ჯგუფურ ტაქსონში). ასევე დადგენილია გეოგრაფიული ექსპანსიის გზები, რამაც გამოიწვია მეორადი კონტაქტები ევოლუციურ ხაზებს შორის იზოლაციის პერიოდების შემდეგ.
ანალიზებმა გამოავლინა ინტროგრესიის მრავალჯერადი პატერნი მეორადი კონტაქტის არეალებში, რაც დასტურდება D-statistics და TreeMix ანალიზით, ასევე მიტოქონდრიულ და ბირთვულ ფილოგენიებს შორის შეუსაბამობით. აღნიშნულ პროცესებს შესაძლოა ჩამოეყალიბებინა ეკოლოგიური ნიშები და ფენოტიპები ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფ სახეობებში, კერძოდ კლდეზე მობინადრე, მიწაზე მობინადრე და შუალედურ ადაპტაციურ ფენოტიპებში. ნაშრომში განხილულია ინტროგრესიის როლი დივერგირებულ ხაზებს შორის მეორადი კონტაქტების დამყარებასა და სახეობათწარმოქმნის პროცესში ეფექტური პრეზიგოტური იზოლაციის ჩამოყალიბების შორის არსებულ პერიოდში.
2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.
2026