ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენერთა გადამზადება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ETHICS ფარგლებში

ახალი ამბები

2023 წლის 11-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ETHICS პროექტის ევროპელ პარტნიორთა ხელმძღვანელობით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში გაიმართა ტრენერთა გადამზადების 3-დღიანი სამუშაო შეხვედრა. მას მასპინძლობდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეხვედრას უძღვებოდნენ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის დარგის ექსპერტები. სესიებზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, მონაცემების ფალსიფიკაცია და მისი დეტექცია, პლაგიატისა და სხვა სახის აკადემიური გადაცდომების პრევენცია კვლევის წარმართვისას, კვლევის ეთიკის დადასტურების აუცილებლობა და მისი მიღებისთვის საჭირო პროცედურები, საგამომცემლო ეთიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები. რამდენიმე სესია დაეთმო კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს; განიმარტა კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები და მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პრინციპები.

ტრენინგის დასრულებისას გამოითქვა აზრი კვლევის კეთილსინდისიერების ეროვნული ჩარჩოს შემუშავების შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

2023 წელი

 

ბანერები