ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“

2020 წლის 24-30 ნოემბერს Erasmus + ინსტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც ერთობლივად უძღვებოდნენ პროექტის პარტნიორები ესპანეთიდან და რუმინეთიდან. მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ტრენინგი ჩატარდა დისტანციურად. 

ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: დისტანციური კურსების შექმნა – დაგეგმვიდან განხორციელების ეტაპამდე სხვადასხვა ტექნოლოგიის, აპლიკაციისა და სისტემის გამოყენებით. პროექტის ევროპელმა პარტნიორებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს თავიანთი უნივერსიტეტების პრაქტიკა როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსპექტივიდან. მომდევნო ეტაპზე პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებში იგეგმება აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე რამდენიმე სასწავლო კურსის პილოტირება.

LOVE DISTANCE პროექტის მიზანია, გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა არსებულ პროგრამებში სტუდენტების მონაწილება გაიზარდოს.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გადამზადება უშუალოდ დისტანციური სწავლების მიმართულებით; პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული თანამშრომლების მომზადება, რომლებიც მოგვიანებით დაეხმარებიან  აკადემიურ თანამშრომლებს; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეებზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები). 

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

 

 

ბანერები