ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა SQUARE პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

2022 წლის 2-3 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის SQUARE კონსორციუმის წევრებს „მესამე მისიის აქტივობების მიმდინარე სტატუსი ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში.

8 ქართული უნივერსიტეტის – გორის სასწავლო სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური, აკაკი წერეთლის სახელმწიფო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, ილიას სახელმწიფო, კავკასიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები – წარმომადგენლებმა დამსწრეთ გააცნეს ინფორმაცია მათ ინსტიტუციებში მესამე მისიის აქტივობათა შესახებ ისეთი მიმართულებების მიხედვით, როგორებიცაა: უწყვეტი განათლება, ცოდნის გადაცემა და სოციალური ჩართულობა.

კონსორციუმის ევროპელმა პარტნიორებმა შეხვედრების მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება ქართული უნივერსიტეტების კონსულტირებისა და მენტორობის პროცესში არსებული პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ევროპულ სტანდარტებში მესამე მისიის მნიშვნელობის შესახებ ჩატარებული კვლევის ანგარიშის წარდგენა. კონსორციუმის ქართველმა და ევროპელმა პარტნიორებმა ინტერესით განიხილეს კვლევა და მისი შედეგები.

2-დღიანი ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ერთმანეთის გამოცდილება და შეჯერდნენ პროექტის განვითარებაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მესამე მისიის მნიშვნელობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ტოპ-მენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, უმაღლესი სასწავლებლების მეთოდოლოგიითა და სახელმძღვანელო მითითებებით უზრუნველყოფას მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის საბოლოო მიზანია, შეიქმნას მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

 2022 წელი

 

 

ბანერები