ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ტერმინოლოგიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს

ახალი ამბები

 

17-21 ივლისს იტალიის ქალაქ ნეაპოლში მოეწყო ტერმინოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელსაც უკვე 30-წლიანი ტრადიცია აქვს და ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე ტარდება. 

ტერმინოლოგიის საზაფხულო სკოლა წამყვანი და ყველაზე მასშტაბური საზაფხულო სკოლაა ტერმინოლოგიის დარგის სპეციალისტებისა და ამ დარგის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. მას ყოველ წელს 100-150 მონაწილე ჰყავს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და თითქმის ყველა კონტინენტიდან.

საზაფხულო სკოლას ატარებს ტერმინოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ტერმნეტი“. ერთკვირიანი სკოლა, პრაქტიკაზე ორიენტირებული, მსმენელებს აცნობს ტერმინოლოგიური მუშაობის მეთოდებს, პრინციპებს, პროგრამულ ინსტრუმენტებს. მისი პედაგოგები დარგის აღიარებული სპეციალისტები არიან.

ტერმინოლოგია ისწავლება თითქმის ყველა ევროპულ უნივერსიტეტში როგორც ცალკე დარგი, ასევე თარგმანთმცოდნეობის სამაგისტრო კურსებზე.
ტერმინოლოგია მზარდი პროფესიაა საქართველოშიც, რადგან სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამა „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“, რომელმაც 2023 წელს წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.

„ტერმნეტის“ დირექტორატის გადაწყვეტილებით, 2024 წელს ტერმინოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანაორგანიზატორი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა მთარგმნელობითი ბიურო.

2023

ბანერები