ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“

ახალი ამბები

27-29 მარტს ,,ერაზმუს+“-ის მიერ თანადაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში – SQUARE“ კონსორციუმის წევრებს მენეჯმენტის განვითარების ევროპულმა სააგენტო EFMD-მა უმასპინძლა. 

პირველი დღე მთლიანად დაეთმო ევროკავშირისა და ევროკომისიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

ქართველ მონაწილეებს შეხვდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: მენეჯმენტის განვითარების ევროპული სააგენტო EFMD; ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია EUA; ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო EACEA; უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია ENQA.

ევროპულ გაერთიანებათა წარმომადგენლებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებაში მესამე მისიის როლი; უნივერსიტეტი და ინოვაციური ეკოსისტემები; EUA ავტონომიურობის შეფასება; ევროპული თანამშრომლობა უმაღლესი განათლების მოდერნიზაციისთვის; ENQA-ს საქმიანობის სპეციფიკა და მესამე მისიის ხარისხის უზრუნველყოფა.

ქართველი მონაწილენი ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში სტუმრობისას გაეცნენ მასპინძელი ინსტიტუციის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და სადოქტორო სკოლების წარმომადგენლებს.

ვიზიტი ითვალისწინებდა ანტვერპენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებსაც, რომელთა დღის წესრიგი დაეთმო სასწავლო პროგრამებს, მდგრადი განვითარებისა და გლობალური ლიდერობის უნარების მიმართულებებს.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპმენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით; უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლების მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის საბოლოო მიზანია შეიქმნას მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

2023

 

  

ბანერები