ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE)

ახალი ამბები

14-19 ნოემბერს ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის SQUARE კონსორციუმის ქართველი წევრები ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტს ქალაქ ლისაბონში, პორტუგალიაში, ტრენინგის და სამუშაო პროცესზე დაკვირვების ვორქშოფების „სოციალური მიმართულებით მესამე მისიის აქტივობების მართვის“ ფარგლებში ეწვივნენ.

ქართველი დელეგაციის წარმომადგენლებს გახსნით შეხვედრაზე მიესალმა ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც გამოთქვა კეთილგანწყობა, იყოს მსგავსი პროექტის მონაწილე და დაეხმაროს ქართველ პარტნიორებს ამ მიმართულებით განვითარებაში, ვინაიდან, ნოვას უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია როგორც ევროპაში, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით, მესამე მისიის კომპონენტის სიძლიერით. ქართველ პარტნიორებს რექტორთან ერთად მიესალმნენ ნოვას უნივერსიტეტის ვიცე და პრო რექტორები შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.

ვიზიტის მიმდინარეობისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს  შეხვედრები ჰქონდათ უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან. მათ შორის, ისინი ეწვივნენ უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კამპუსს, სადაც გაეცნენ ინოვაციური კვლევისა და გავლენის მიმართულებით ვიცე რექტორის სტრატეგიული ოფისის წარმომადგენლებს, განიხილეს, თუ რა პროცესს გადის მკვლევარი იდეიდან, მისთვის დაფინანსების მოპოვებისა და შემდეგ განხორციელების ეტაპამდე. როგორ მუშაობს ამ პროცესის მხარდამჭერი სტრუქტურული ერთეული. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის მასშტაბით, მსგავსი ერთეულები საკმაოდ მრავალრიცხვოვანია.

ვიზიტის დასრულებისას მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან, ნოვას უნივერსიტეტთან ერთად ჩაერთონ წარდგენილ პროექტებში და მათთან ერთად დაიწყონ მსგავსი იდეის ახალი პროექტებიც.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

 2022

ბანერები