ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

LOVE.DIST@NCE პროექტის კონსორციუმის შეხვედრა

ახალი ამბები

2022 წლის 13-17 მარტს გაიმართა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) კონსორციუმის შეხვედრა.

პირისპირ გამართულ შეხვედრას ერთდროულად მასპინძლობდა სამივე პარტნიორი ორგანიზაცია ისრაელიდან. შეხვედრების პირველი ნაწილი გაიმართა ონოს აკადემიურ კოლეჯში, მეორე ნაწილი კი - ლევინსკის განათლების კოლეჯში, დასასრულს კონსორციუმის წევრები ეწვივნენ თელ-ავივის უნივერსიტეტს.

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების, როგორც შინაარსობრივი, ასევე მენეჯმენტის ნაწილის, შეფასება. პირველი დღეები დაეთმო საპილოტე კურსების დეტალურ განხილვას, ამ ეტაპისთვის არსებულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს. მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური კურსების ხარისხის შეფასების ფორმებსა და მოდელებზე. სამომავლოდ დაგეგმილია ერთიანი, ყველა პარტნიორისთვის ხელმისაწვდომი, ინსტრუმენტის შემუშავება. ვიზიტის დღეებში გაიმართა ონლაინსწავლებასთან დაკავშირებული ჰიბრიდული კონფერენცია, რომელზეც მოხსენებით წარდგნენ როგორც მასპინძლები, ასევე სტუმრები. ბოლო დღე კი პროექტის მენეჯმენტის საკითხების განხილვასა და გეგმებზე შეთანხმებას დაეთმო.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზანია, გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის გასააქტიურებლად.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2022 წელი

 

 

ბანერები