ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა ევროკომისიის კიდევ ერთი გრანტის მფლობელი MSCA4Ukraine დაფინანსების სქემის ფარგლებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა MSCA4Ukraine სქემის ფარგლებში მიიღო პოსტსადოქტორო კვლევითი გრანტი, რომელიც გულისხმობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერების მიმართულებით მომუშავე უკრაინელი მკვლევრის მასპინძლობას 24 თვის მანძილზე. სქემა დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირის Marie Skłodowska-Curie Actions ქოლგის ქვეშ. 

#MSCA4Ukraine აფინანსებს 111 პოსტსადოქტორო და 13 სადოქტორო მკვლევარს უკრაინიდან, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი კვლევები ევროკავშირის 21 წევრ და „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებულ ქვეყანაში წარმართონ 24 თვემდე ვადით. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ, ერთადერთმა ასოცირებულმა ქვეყანამ, მიიღო დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვეობით.

პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზრდილების მოძიების ეფექტური გზების იდენტიფიცირება უკრაინელ ლტოლვილებში“ [Identify effective pathways to reach children and adults with disabilities among refugees from Ukraine] ერთობლივად განახორციელებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა საძაგლიშვილი და ტარას შევჩენკოს სახელობის ლუგანსკის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კატერინა იგნატენკო.

კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს მკვლევრის კრეატიული და ინოვაციური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მასპინძელ ორგანიზაციაში, და ამავდროულად მკვლევრის უკრაინული კავშირების შენარჩუნებას.

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირმა შექმნა MSCA4Ukraine დაფინანსების სქემა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მეცნიერთათვის შესაძლებლობას, კვლევა განაგრძონ ევროკავშირის წევრ ან „ჰორიზონტ ევროპის“ ასოცირებულ ქვეყნებში. პროგრამის ფარგლებში მეცნიერებს ექნებათ კვლევითი საქმიანობის წარმართვის, გადამზადების, ასევე უნარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

MSCA4Ukraine სქემა ხორციელდება პროგრამის „მეცნიერები საფრთხეში“ (Scholars at Risk Europe) ფარგლებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მეინუთის უნივერსიტეტი (Maynooth University), ირლანდია, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt Foundation), გერმანია და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (European University Association), ბელგია.

2023 წელი

ბანერები