ETHICS პროექტის გარე დისემინაციის ღონისძიებები
ახალი ამბები
16 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიგა ხოსიტაშვილმა (პროექტის ETHICS კოორდინატორი) ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში გამართა ინტერაქტიული ვორკშოპი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება ხელოვნური ინტელექტის ჭრილში“ (Research Ethics and Integrity Through the Lens of Artificial Intelligence) 2026 წლის ზაფხულის სემესტრის სემინართა ციკლის „მონაცემთა წიგნიერება და ციფრული კვლევითი პრაქტიკა“ (Data Literacy and Digital Research Practice) ფარგლებში.
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული იყო ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და იოჰანეს გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტის 80-მდე დოქტორანტი და აკადემიური პერსონალი, დაინტერესებული კვლევის კეთილსინდისიერების, პასუხისმგებლიანი კვლევითი პრაქტიკისა და კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხებით.
ვორკშოპზე ასისტენტ-პროფესორმა გიგა ხოსიტაშვილმა განიხილა კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ფუნდამენტური პრინციპები, ისაუბრა კვლევისას ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, ასევე წარადგინა ETHICS პროექტის ძირითადი შედეგები. შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიასა და კითხვა-პასუხის სესიაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და გამოცდილება.
25 ივნისს ასისტენტ-პროფესორმა გიგა ხოსიტაშვილმა ონლაინ წარადგინა ETHICS პროექტი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმზე „მომავალი მასწავლებლის პედაგოგიური სრულყოფილება: პროგრესი, ფორმირება, გაუმჯობესება და განვითარება“, რომლის ორგანიზატორი იყო პოლტავის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა).
ონლაინფორუმმა გააერთიანა უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების 100-ზე მეტი მონაწილე. მომხსენებელმა დამსწრეთ გააცნო ETHICS პროექტის მიზნები, მიღწევები და ძირითადი შედეგები, ყურადღება გაამახვილა პროექტის წვლილზე კვლევის კეთილსინდისიერების გაძლიერებაში, პასუხისმგებლიანი კვლევის კულტურის განვითარებაში, ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური პოლიტიკის, სასწავლო რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაში.
დისემინაციის ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ETHICS პროექტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაში, კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის გაღრმავებასა და პროექტის შედეგების სხვადასხვა აკადემიურ საზოგადოებაში გავრცელების საქმეში.
პროექტის შესახებ
ETHICS ევროკავშირის მიერ Erasmus+ Capacity Building in Higher Education (CBHE) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტია. მისი მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებში კვლევის ხარისხის გაუმჯობესება პასუხისმგებლიანი კვლევის პრაქტიკის, კვლევის კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის გაძლიერების გზით.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2026
გალერეა