ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

EDUCATIONAL FOR DRONE

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ერაზმუს+-ის პროექტში EDUCATIONAL FOR DRONE (EDRONE), რომლის მიზანია დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში და ამის საფუძველზე ახალი კომპეტენციების განვითარება. 

პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა იტალიის უნივერსიტეტი Universita Degli Studi Del Sannio, ხოლო პარტნიორები არიან: რუმინეთის უპილოტო საფრენი აპარატების ასოციაცია, რუმინეთის უნივერსიტეტი Dunarea De Jos Din Galati, ფრანგული ტექნოლოგიური კომპანია B4ENG, საფრანგეთის უნივერსიტეტი Universite D’evry-Val D’essonne, პოლონეთის სამხედრო ტექნოლოგიური აკადემია, ბელარუსიის სახელმწიფო და სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტები, მოლდავეთის საჯარო ადმინისტრირების აკადემია, მოლდავეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანო, მოლდავეთის პოლიციის აკადემია, მოლდავეთის სახელმწიფო აგრარული და სახელმწიფო უნივერსიტეტები, სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო და ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

პროექტის ძირითადი მიზნებია დრონების გამოყენების კურსების შემუშავება და ინტეგრირება საუნივერსიტეტო და პროფესიულ გარემოში რამდენიმე მიმართულებით, ესენია:

  • დრონების მექანიკური მახასიათებლები; 
  • სენსორული მოწყობილობები;
  • მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
  • დრონების გამოყენების მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონები. 

საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა დავით ჩეჩელაშვილმა, პროფესორმა ნანა დიხამინჯიამ, ფაბლაბის თანამშრომლებმა –გოგა საათაშვილმა და ავთო მღებრიშვილმა ტრენინგები გაიარეს მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სტაჟირება – პოლონეთის სამხედრო ტექნოლოგიურ აკადემიაში. მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენინგები ეხებოდა დრონების შექმნას მიკროკონტროლერებისა და სამგანზომილებიანი ნაბეჭდი ნაწილების გამოყენებით, დრონებში სენსორული მოწყობილობებისა და კამერის გამოყენებას, მიღებული სურათების, ვიდეოებისა და სენსორული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს, ასევე დრონების გამოყენების რეგულაციებს. 

პოლონეთის სამხედრო ტექნოლოგიურ აკადემიაში მონაწილეები შეხვდნენ კიბერნეტიკის, ელექტრონიკის, ლოგისტიკის, მექანიკური ინჟინერიის, მექატრონიკისა და ავიაციის ფაკულტეტების დეპარტამენტების უფროსებს და დეტალურად გაეცნენ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების მუშაობას რამდენიმე მიმართულებით: სხვადასხვა ტიპის საფრენი ობიექტების დიზაინი, შეკეთება, ტესტირება და მართვა; გამოყენებითი და სამრეწველო რობოტიქსი; ვირტუალური რეალობის საგანმანათლებლო მოდულებისა და მოწყობილობების დიზაინი და ტესტირება; სამხედრო იარაღის დიზაინი და ტესტირება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამჟამად მუშაობენ დრონებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენების პროფესიული უნარების დანერგვაზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევითი და სასერტიფიკატო კურსების განსავითარებლად. 

http://www.edroneproject.org/

ბანერები