ცვლილებების მართვის ტრენინგი და პროექტის PRODIGE მენეჯმენტის შეხვედრა
ღონისძიებები
29 ივნისიდან 2 ივლისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PRODIGE პროექტის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებებში.
29 ივნისიდან 1 ივლისამდე ხორვატიის ალგებრა ბერნაისის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამართეს სამდღიანი ტრენინგი „ცვლილებების მართვის პროცესის დაუფლება“ (Mastering Change Management Process). ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა ციფრული ტრანსფორმაციის მართვაში როგორც სტრატეგიული და ინსტიტუციური ცვლილების პროცესში და არა მხოლოდ ტექნიკურ განახლებაში.
ინტერაქციულ ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციური მზაობა ციფრული განათლებისთვის, ლიდერობისა და მართვის მოდელები, დაინტერესებული მხარეების როლები, თანამშრომელთა ჩართულობა, ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა და შიდა კომუნიკაციის სტრატეგიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუციური ძლიერი მხარეებისა და ხარვეზების დიაგნოსტირებას, ციფრული ტრანსფორმაციის ბარიერების იდენტიფიცირებას. ტრენინგზე ასევე განიხილეს ციფრული განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ურთიერთკავშირი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე, სწავლის შედეგებზე, შეფასებაზე, უკუკავშირზე, ხელმისაწვდომობასა და მდგრად ინსტიტუციურ მიდგომებზე.
2 ივლისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა PRODIGE პროექტის მენეჯმენტის შეხვედრა, რომელზეც პარტნიორებმა მიმოიხილეს პროექტის სამუშაო პაკეტების ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები, განიხილეს მიღწეული პროგრესი და ძირითადი შედეგები, ასევე მიმდინარე ამოცანები და კოორდინაციასთან დაკავშირებული საჭიროებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომდევნო ექვსი თვის დაგეგმვას. პარტნიორები შეთანხმდნენ დაგეგმილ ღონისძიებებზე, პრიორიტეტებზე, პასუხისმგებლობებსა და პროექტის განხორციელების შემდგომი ეტაპის ძირითად ნაბიჯებზე.
პროექტის შესახებ
სტრუქტურული რეფორმის პროექტი PRODIGE მიზნად ისახავს საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების განვითარების მხარდაჭერას. პროექტი აერთიანებს ევროპულ და ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. პროექტის მიზანია ციფრული განათლების სფეროში პოლიტიკისა და რეგულაციების გაუმჯობესება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება და მაღალი ხარისხის, ინკლუზიური და მდგრადი ციფრული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის კოორდინატორია EFMD.
2026
გალერეა