ადმინისტრაციული თანამშრომლების ტრენინგი პროექტის PRODIGE ფარგლებში
ახალი ამბები
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს PRODIGE პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ორ საერთაშორისო პროფესიული განვითარების ტრენინგში. 1-3 დეკემბერს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამდღიან ტრენინგსემინარს, რომლის ფოკუსი იყო ციფრული განათლების კონტექსტში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების გაძლიერება, 24 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ონლაინტრენინგში, რომელიც ციფრული განათლებისთვის მხარდამჭერი სერვისების ადაპტაციას ეხებოდა.
პირველ ტრენინგზე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა განიხილეს, როგორ შეუძლია ციფრულ განათლებას უფრო ეფექტიანად უპასუხოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ტრენინგი, რომელსაც ხორვატიის ალგებრას უნივერსიტეტი უძღვებოდა, მოიცავდა კვლევაზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს, ინტერაქტიურ სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს ევროპული ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციებსა და დასაქმებაზე ორიენტირებული ციფრული კომპეტენციების სასწავლო პროგრამებში ინტეგრაციის სტრატეგიებზე.
ამავე პერიოდში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა ონლაინტრენინგი, რომელიც მოიცავდა მაღალი ხარისხის დისტანციური განათლების სტრატეგიულ და ოპერაციულ საფუძვლებს, რომლებიც შეესაბამება იუნესკოს გლობალურ ჩარჩოს ხარისხიანი დისტანციური განათლებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციური მზადყოფნის საკითხი, ციფრული ინფრასტრუქტურა, სასწავლო მართვის სისტემები (LMS), ღია განათლების პრინციპები, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების როლი ციფრული განათლების განვითარებაში.
პროექტის შესახებ
სტრუქტურული რეფორმის პროექტი PRODIGE, რომელიც ორგანიზებას უწევს საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების დანერგვას, შემუშავებულია პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისა და საქართველოს 10 წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. მასში ასევე მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტის მიზანია ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
პროექტის კოორდინატორია EFMD.
2025
გალერეა