ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამა (ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა)
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწოდება „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამა“, გამიზნულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები (მოთხოვნები)
საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტების წარმატებით ჩაბარება;
ამ პროგრამის გავლის უფლება აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.
საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება
პროგრამის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე სწავლა განაგრძონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის (4 წელი - 240 კრედიტი) მათთვის სასურველ ფაკულტეტსა და პროგრამაზე https://iliauni.edu.ge/ge/study.
რატომ უნდა ჩააბაროთ ამ პროგრამაზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ პროგრამისთვის შემუშავებულია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების სპეციალური მეთოდიკა თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით, ხოლო კურსებს ატარებენ ამავე უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროგრამადამთავრებული მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ საუკეთესო თეორიული საფუძველი ამ სფეროში და ამავდროულად გავლილი აქვთ ინტენსიური სტაჟირების პროგრამა მენტორი-ლექტორების ხელმძღვანელობით.
მასწავლებლები სტუდენტების საჭიროებებზე დაყრდნობით სპეციალურად ამზადებენ მასალებს: მასალებში გამოყენებულია სტატიები, ვიდეოჩანაწერები, ფილმები აქტუალურ საკითხებზე. სტუდენტები სწავლობენ პრეზენტაციის მომზადებას აუდიტორიის წინაშე და დისკუსიის წარმართვას ქართულ ენაზე; იწერენ ინტერვიუებს ქალაქში გასვლითი დავალებების ფარგლებში, ქმნიან სხვადასხვა სახისა და ფუნქციის ტექსტებს. ასეთი აქტივობები და მეთოდურად დახვეწილი მასალა, რომელსაც შესაბამისი განათლების მქონე მასწავლებლები უძღვებიან, საშუალებას აძლევს სტუდენტს, მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში.
პროგრამა გამოირჩევა სტუდენტების ინტერესებისა და საჭიროებისადმი ინდივიდუალური მიდგომით და მუდმივი განახლების პროცესშია ყოველ სემესტრში.
პროგრამა ერთწლიანია, მოიცავს ორ 17-კვირიან სემესტრს კვირაში 24-26 აკადემიური საათის ოდენობის ენის კურსებით.
პროგრამის წარმატებით დამთავრების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:
- ლექციის გაგება ქართულ ენაზე საბაკალავრო საფეხურის სხვადასხვა მიმართულებით;
- სალექციო მასალის ათვისება;
- დისკუსიებში მონაწილეობა;
- ქართულ ენაზე კომუნიკაცია ქართველ თანატოლებთან (ზეპირად და წერილობით);
საკონტაქტო ინფორმაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
➳ ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი D 307
☏ 2 22 00 09 (221); 22 00 09 (200)
☏ 591 05 98 97 (პროგრამის კოორდინატორი ნათია უღრელიძე)
✉ geolingvostudio@iliauni.edu.ge