სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა

სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი

კოდი NAEC ცნობარში: 0100125

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს შემუშავდა და პერიოდულად  ანახლებენ სასწავლო პროცესის გასაუმჯბესებლად.

2017 წლიდან ილიაუნის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა  მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა -ი Lexis Nexis Academic, რომელიც აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაციო რესურსს. მასში ხელმისაწვდომია ამერიკის როგორც ფედერალური, ისე საშტატო, სასამართლოების მასალები და ასობით იურიდიული მიმოხილვა.

2018-2019 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG)“  თანამშრომლობით დაფუძნდა ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკა. პროექტის ფარგლებში სამართლის სკოლა თანამშრომლობს ნორსვესტერნის (ჩიკაგო, აშშ) უნივერსიტეტთან.

სტუდენტები ადამიანის უფლებათა კლინიკაში მუშაობენ რეალურ შემთხვევებზე და იძიებენ კონკრეტულ საქმეებს. კლინიკის მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა.

პროგრამის მიზანი

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სამართლის დარგის კონკურეტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც

ა) ექნება ფართო ცოდნა სამართლის არსის, ძირითადი პრინციპების, ეროვნული სისტემის თავისებურებების, საჯარო, სისხლის, კერძო და საერთაშორისო სამართლის ძირითადი საკითხების სპეციფიკის შესახებ.

ბ) შეძლებს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათ შეფასებასა და პრობლემის გადაწყეტისთვის საჭირო იურიდიული მოქმედების განსაზღვრას;

გ) შეძლებს სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან შესაბამის ზეპირ და წერით კომუნიკაციას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;

გ) შეძლებს მოქმედებას იურისტის პროფესიული ქცევის წესებისა და ადამიანის ძირითადი  უფლებების პატივისცემის გზით.

სწავლების ძირითადი მიმართულებები:

სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პროგრამული საგნები მოიცავს ისეთ მასალას, რომელიც დაფუძნებულია:

  • სამართლის შესავალ ნაწილზე
  • საჯარო სამართალზე
  • კერძო სამართალზე
  • სისხლის სამართალზე
  • საერთაშორისო სამართალზე

პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს მისთვის საინტერესო მიმართულებიდან აირჩიოს სასურველი სასწავლო კურსები, რომლებიც  ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

სწავლის შედეგები

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი

  • აღწერს სამართლის არსს, სისტემას, ძირითად პრინციპებს, სამართლებრივ სისტემებს, ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს;
  • აღწერს ადამიანის უფლებათა კონცეპტუალურ და ღირებულებით საკითხებს, შეზღუდვის პრინციპებსა და დაცვის ეროვნული მექანიზმის თავისებურებებს, სახელმწიფო მოწყობის ძირითად პრინციპებსა და ეროვნული მოდელის თავისებურებებს, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ფორმებს, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებებს;
  • აღწერს კერძო სამართლის სისტემას, სამოქალაქო სამართლის ცნებებსა და პრინციპებს დეტალურად, სამეწარმეო თავისუფლებისა და შრომის უფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებებს;
  • აღწერს სისხლის სამართლის პრინციპებს, დანაშაულის არსსა და სახეებს, სასჯელის სისტემას, სისხლის სამართალწარმოების სტადიებსა და თავისებურებებს;
  • აღწერს საერთაშორისო სამართლის სისტემას, ძირითად პრინციპებს, ინსტიტუტებს, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობების მექანიზმებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის თანაფარდობას.
  • განსაზღვრავს სამართლებრივი დავის წარმოშობის მიზეზებს, ძირითად მახასიათებლებს და მათი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზებს.
  • ამოიცნობს სამართლის სფეროში არსებულ რთულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს და სტანდარტული ან/და ზოგიერთი უახლესი მეთოდის გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის შესაბამის გზებს;
  • აანალიზებს სამართლის ნორმებს, წყაროებს, მეთოდებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელების ან  სხვა იურიდიული  ამოცანის გადაწყვეტის მიზნით;
  • ადგენს სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, სამართალშეფარდებითი აქტების, საპროცესო დოკუმენტების, ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციული აქტების პროექტებს; შეიმუშავებს პრაქტიკული ხასიათის პროექტებს, წინასწარ განსაზღვრული  მითითებების შესაბამისად;
  • შეიმუშავებს დავის გადაწყვეტის სტრატეგიასა და ტაქტიკას, დავის გადაწყვეტის კანონიერი საშუალებებისა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით;
  • მსჯელობს საკუთარი იდეების, არსებული სამართლებრივი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან ზეპირი და წერითი ფორმით, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვითა და შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მოიძიებს და გამოარჩევს საჭირო ინფორმაციას, მათ შორის ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო  სიახლეებს, ელექტრონული საბიბლიოთეკო სისტემებისა და სხვა მონაცემთა ბაზებისა და ძირითადი სამართლებრივი საინფორმაციო სისტემების მეშვეობით;
  • ცნობს იურისტის ეთიკური სტანდარტების საჭიროებას, მოქმედებს იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მონაწილეობს შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით;
  • წარმართავს საკუთარი და სხვების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას ინდივიდუალური  და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვით;
  • ავლენს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარს, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის დაცვით.

სწავლის მეთოდები:

სამართლის  საბაკალავრო პროგრამაში პრაქტიკული უნარების განვითარება გათვალისწინებულია როგორც  სხვადასხვა სასწავლო კურსის  თემატიკის პრაქტიკული სწავლებით, აგრეთვე პრაქტიკული სასაწავლო კურსების შეთავაზებით (პრაქტიკული კომპონენტი). სასწავლო  პროგრამაში გამოიყენება ინტერაქციული ლექციები და სემინარები, დისკუსია/დებატები, ჯგუფური მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება, შემთხვევის ანალიზი (Case study), კაზუსის ამოხსნა, ანალიზი და სინთეზი, გონებრივი იერიში (Brain storming), როლური და სიტუაციური თამაშები  (იმიტირებული პროცესი), დემონსტრირების მეთოდი და პრაქტიკული მუშაობის მეთოდი. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სამართლის სკოლის კლინიკებითა და კვლევითი ცენტრებით.

დასაქმების შესაძლებლობები

სამართლის ბაკალავრს შეუძლია საქმიანობის განხორციელება საჯარო, კორპორაციულ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. იმისთვის, რომ სამართლის ბაკალავრის ხარისხის მქონემ შეძლოს ადვოკატის, პროკურორის ან ნოტარიუსის პროფესიით საქმიანობა, მან უნდა ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდები. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე,  რომელზეც არ ითხოვენ სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

ამავე დროს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამაგისტრო საფეხურზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.  პროგრამით მიღებული ცოდნა კურსდამთავრებულს კონკურენტუნარიანს გახდის თავის სფეროში.


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ ჭავჭავაძის გამზ. 32. A კორპუსი, ოთახი 401, 403, 407;
☏ (+995 32) 222 00 09 (301)
lawfaculty@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები