ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგკურსი „რბილი უნარების შეფასების მეთოდოლოგიები“

ახალი ამბები

19-29 მაისს Erasmus+ DeSIRE პროექტის „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ (DeSIRe) ფარგლებში ონლაინ  ჩატარდა ტრენინგკურსი რბილი უნარების შეფასების მეთოდოლოგიები. ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada, ესპანეთი) და ხელოვნების, დიზაინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (Institute of Art, Design and Technology – IADT, ირლანდია).

ტრენინგკურსში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები საქართველოდან და სომხეთიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პროექტის იმ კომპონენტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა რბილი უნარების განვითარების მხარდაჭერასა და მათი შეფასების მექანიზმების გაუმჯობესებას.

ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის შესაძლებლობათა გაუმჯობესებას რბილი უნარების შეფასების ნაწილში და ფოკუსირებული იყო შესაბამისი ინსტრუმენტების (რუბრიკები, თვითშეფასება, კოლეგიალური შეფასება) ანალიზსა და ეფექტურად გამოყენების სტრატეგიებზე.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი მიმართულებები:

რბილი უნარების შეფასების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები მონაწილეები გაეცნენ რბილი უნარების (Soft Skills) შეფასების თანამედროვე მიდგომებს, მათ შორის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასების ინსტრუმენტებს (შეფასების რუბრიკები, თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება (peer assessment)), მათ პრაქტიკულ გამოყენებასა და სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობებს.

ტრენინგკურსის ძირითადი თემატური მიმართულებები  მონაწილეებთან ერთად გაანალიზეს მნიშვნელოვანი თემები: პრობლემის გადაჭრის რეფლექსიური მიდგომა (Reflective Thinking for Solving Problems), კონფლიქტების მართვა (Conflict Solving) და ემოციური ინტელექტი (Emotional Intelligence).

თემატურ სესიებს უძღვებოდნენ გრანადის უნივერსიტეტისა (UGR) და ხელოვნების, დიზაინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (IADT) მოწვეული ტრენერები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს რბილი უნარების შეფასების თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოცდილება.

ü  ინტერაქტიური ნაწილი და შეფასების პრაქტიკული გამოცდილება – მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიურ აქტივობებში, მათ შორის ქეისების ანალიზში, ჯგუფურ დისკუსიებსა და თემატურ სამუშაო სესიებში.
პროგრამის დასასრულს მათ წარმოადგინეს ინდივიდუალური ან ჯგუფური პროექტები, რომლებიც შეფასდა კოლეგიალური შეფასების მეთოდით. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი ტრენინგები ფინეთისა და ირლანდიის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

დეტალური ინფორმაცია პროექტისა და მისი კომპონენტების შესახებ ხელმისაწვდომია DeSIRe-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://desire-project.com/

2025

 

ბანერები