ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლებთან

ახალი ამბები

13 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამისა და გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებთან. ამერიკულ მხარეს ხელმძღვანელობა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ჩარლზ ვიტეკი. შეხვედრაზე ამერიკული მხარე გაეცნო ახალშექმნილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტთა პოტენციალის გასაძლიერებლად სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების შესახებ ცოდნის გამდიდრებას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების ფუნქციებისა და სპეციალისტების განვითარების მეშვეობით რეგიონის მასშტაბით ეროვნული ჯანდაცვის სისტემებს ეძლევათ მოდერნიზებისა და გაძლიერების საშუალება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტთა პროფესიული განვითარების მიზნით ეროვნული დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ქსელის შექმნას და რეგიონში ეროვნული და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას დაავადებებთან საბრძოლველად. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი 10-ზე მეტ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უკრაინასა და უზბეკეთში, ეხმარება ადგილობრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრებს და უზრუნველყოფს მათ ტექნიკურ მხარდაჭერას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ელენე ჟურავლოვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის, ილიაუნის გამოთვლითი ცენტრისა და ილიაუნის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები: რეგიონული დირექტორი ჩარლზ ვიტეკი, რეგიონული დირექტორის მოადგილე სტივენ ბეკნელი, პოლიტიკისა და კომუნიკაციის ასოცირებული დირექტორი ჯოელ სტანოიევიჩი, დასაქმებულთა განვითარების საკითხებში რეგიონული მრჩეველი ტუშარ სინგჰი და მთავარი ტექნიკური მრჩეველი ლია ღვინჯილია.

2023 წელი

ბანერები