ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა სტუდენტთა აკადემიური სერვისების გაძლიერების მიმართულებით INTEGRITY პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

2018 წლის 29-31 აგვისტოს უფსალის უნივერსიტეტმა (შვედეთი) უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.

ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ერთობლივად მოამზადეს პროექტში ჩართულმა ევროპელმა პარტნიორებმა, მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას. ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური წერის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; სტუდენტური სერვისების მნიშვნელობაზე, რომლებიც მათ დაეხმარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ნაშრომის მომზადებაში. ტრენინგზე დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტის იმ სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პრინციპები, რომლებიც პასუხისმგებელია აღნიშნული სერვისების მიწოდებაზე. პროექტში ჩართული ცამეტი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტებს აღნიშნულ სერვისებს 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან შესთავაზებს.

პროექტის შესახებ:

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ''INTEGRITY'' მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები:

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  • ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  • დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)
ბანერები