საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების როლი სამშვიდობო პროცესებში“
ახალი ამბები
17-21 თებერვალს ალიანსის “The Aurora Universities” ორგანიზებით ინსბრუკის უნივერსიტეტში (ავსტრია) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების როლი სამშვიდობო პროცესებში“. კონფერენციის მიზანი იყო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (HEIs) როგორ უნდა უპასუხონ გლობალურ გამოწვევებს და მხარი დაუჭირონ მშვიდობის კულტურის ხელშემწყობ საგანმანათლებლო ინიციატივებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტებმა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა, სამშვიდობო პროცესებში ჩართულმა პრაქტიკოსებმა, უმაღლესი განათლების პოლიტიკის ექსპერტებმა და სტუდენტებმა ალიანსის “Aurora Universities” და მისი პარტნიორი ინსტიტუტებიდან.
კონფერენციაზე გაიმართა მთავარი მომხსენებლების სესიები, პანელური დისკუსიები, მრგვალი მაგიდები, სამუშაო შეხვედრები და სხვადასხვა თემატური სესიები, რომლებზეც განიხილეს შემდეგი საკითხები:
- როგორ შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (HEIs) თავიანთი მისიის (სწავლება, კვლევა, მესამე მისია) საუკეთესოდ გამოყენება კონფლიქტების პრევენციის, ტრანსფორმაციისა და სამშვიდობო პროცესების მხარდასაჭერად.
- რა გამოცდილება შეგვიძლია შევიძინოთ სამშვიდობო პროცესებში ჩართული პროფესიონალებისგან, რათა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უკეთ შეასრულონ მშვიდობის აგენტების როლი კონფლიქტებით დაზარალებულ საზოგადოებებში და მის მიღმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ERASMUS-EDU-2023-CBHE პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) ფარგლებში განათლების მეცნიერებების მიმართულების პროფესორმა სოფიკო ლობჟანიძემ და განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ლია ტვილდიანმა კონფერენციაზე წარმოადგინეს მოხსენება „სამშვიდობო განათლება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში: არსებული ვითარება და პერსპექტივები“.
კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა არაერთი დისკუსია პროექტის (PeaceEdu) სამომავლო განვითარების შესაძლებლობებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
2025
გალერეა