ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის ,„სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LOVEDISTANCE) პირველი ეროვნული შეხვედრა

2020 წლის 15-16 იანვარს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში.  შეხვედრას უმასპინძლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

შეხვედრა დაეთმო პროექტის მიმოხილვას, გრანტის მართვისთვის საჭირო ევროკომისიის რეგულაციების განხილვას, პროექტის დისემინაციის აქტივობების მართებულად წარმართვას კონსორციუმის ქართველი პარტნიორებისთვის, ასევე პროექტის ხარისხის შიდა მექანიზმების ინიცირებას. რადგან პროექტის პირველი ეტაპი არის საჭიროებების დადგენა ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე, შეხვედრაზე ასევე განიხილეს კითხვარების შესაძლო ფორმები, რომლებიც სტუდენტების და პროფესორების გამოკითხვისას იქნებოდა გამოყენებული. 

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზანია, გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა არსებულ პროგრამებზე სტუდენტების ჩართულობა გაიზარდოს.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გადამზადება უშუალოდ დისტანციური სწავლების მიმართულებით; პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული თანამშრომლების მომზადება, რომლებიც მოგვიანებით დახმარებას აღმოუჩენენ აკადემიურ თანამშრომლებს; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეებზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები). 
პროექტის კოორდინატორია პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

ბანერები