ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მესამე მისიის ხარისხისა და აქტუალურობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში – SQUARE

ახალი ამბები

5-7 ივლისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის SQUARE – Strengthening the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities (მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში) შეხვედრა გაიმართა. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, მენეჯმენტის განვითარების ევროპული სააგენტო – EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სამი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტები მსჯელობდნენ უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპმენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, უმაღლესი სასწავლებლებისთვის შექმნას მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის საბოლოო მიზანია მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და უფრო მეტად მოახდენენ მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში.

შეხვედრის ორი დღე დაეთმო სამუშაო ჯგუფის ფორმატით გამართულ ტრენინგს, მესამე მიეძღვნა პროექტის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ტრენინგს გაუძღვნენ პროექტის უცხოელი პარტნიორები – საფრანგეთის უნივერსიტეტ CNAM-ის პროფესორები და ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) წარმომადგენლები. უცხოელი პარტნიორების ნაწილი შეხვედრას დაესწრო, ხოლო ფინეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლები ონლაინ შეუერთდნენ.

პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ-უნივერსიტეტში შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიულ გეგმას და მოხდება მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება, რაც უზრუნველყოფს მესამე მისიის ინსტიტუციურ დონეზე დანერგვასა და განვითარებას.

ვრცლად პროექტის შესახებ: http://www.square.tsu.ge/

2021 წელი

ბანერები