ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნი ჰორიზონტ ევროპის ახალ პროექტში CitiSense ჩაერთო

ახალი ამბები

2026 წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ჰორიზონტი ევროპის ახალ პროექტში „CitiSense ევროკავშირის გაფართოების გააზრება მოქალაქეებისთვის, მოქალაქეებთან ერთად და მოქალაქეების მიერ.  

პროექტის კოორდინატორია ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (იტალია), ხოლო სამეცნიერო ნაწილში თანაკოორდინატორი - მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები). პროექტის კონსორციუმში შედიან როგორც უმაღლესი სასწავლებლები, ასევე კვლევითი ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ავსტრია), დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი (გერმანია), სტოკჰოლმის უნივერსიტეტი (შვედეთი), კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი), კიევ-მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო),  SWPS უნივერსიტეტი (პოლონეთი), თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი (ესტონეთი), საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (იტალია), ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (გერმანია), ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის (ბელგია), ტრანს-ევროპული კვლევების ასოციაცია (TEPSA) (ბელგია),  ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტი (მოლდოვა) და სკოპიეს დემოკრატიის ინსტიტუტი „Societas Civilis” (ჩრდილოეთ მაკედონია).

პროექტის მიზანია ევროკავშირის გაფართოების მომავალ ტალღაში მოქალაქეთა როლის გაძლიერება და პასიური დამკვირვებლებიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესების აქტიურ მონაწილეებად ქცევა. ინოვაციური და მოქალაქეზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით, პროექტი დაეხმარება ევროპელ მოქალაქეებს, უკეთ გააცნობიერონ, რა გავლენა ექნება ევროკავშირის გაფართოებას უსაფრთხოებაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. CitiSense ეფუძნება დებულებას, რომ ნებისმიერი პოლიტიკა  განკუთვნილი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, იქმნებოდეს მათთან ერთად და მათივე უშუალო მონაწილეობით.

პროექტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია.

2026

ბანერები