ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პროექტის easyPEST „შავი ზღვის რეგიონში მცენარეთა მავნებლების გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის“ შექმნა-განხორციელება
ახალი ამბები
პროექტი easyPEST – EstAblishing long-term monitoring System for plant PESTs around the Black Sea („შავი ზღვის რეგიონში მცენარეთა მავნებლების გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის შექმნა“) ევროკავშირის თანადაფინანსებით Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში 2021 წლიდან ხორციელდება და გაგრძელდება 2027 წლამდე.
პროექტის მიზანია ხელოვნურ ინტელექტსა და მოქალაქეთა მეცნიერებაზე (Citizen Science) დაფუძნებული ინოვაციური, გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შავი ზღვის აუზში ინვაზიურ მცენარეთა მავნებლების ადრეულ გამოვლენასა და მონიტორინგს.
ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ინტეგრირების გზით easyPEST პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას და რეგიონის შესაძლებლობების ზრდას ბიოლოგიური ინვაზიების პრევენციის, დროული გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. ასევე ტყეების დაცვას, სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებასა და შავი ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
პროექტის კოორდინატორია გირესუნის გუბერნია (თურქეთი), ხოლო საერთაშორისო პარტნიორობას ქმნიან:
- ტრაბზონის უნივერსიტეტი (თურქეთი)
- საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – DIMITRA (HAO-DIMITRA) (საბერძნეთი)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
მეცნიერების, საჯარო უწყებებისა და მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე კონსორციუმი შეიმუშავებს ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს მავნებლების ადრეული გაფრთხილების, სახეობების იდენტიფიკაციისა და გრძელვადიანი მონიტორინგისთვის. გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის მდგრადობის გაძლიერებას ინვაზიური უცხო წარმოშობის მწერი-მავნებლების მზარდი საფრთხის მიმართ.
ინოვაციური მონიტორინგის ტექნოლოგიების განვითარების გარდა პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები, დაინტერესებული მხარეების აქტიური ღონისძიებები და მოქალაქეთა მეცნიერებაზე დაფუძნებული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებში ინვაზიურ მავნებლებზე კოორდინირებულ და ეფექტიან რეაგირებას.
easyPEST-ის პროექტის საერთო ბიუჯეტია 520,308.90 ევრო, რომლიდანაც ევროკავშირის თანადაფინანსება შეადგენს 468,278.01 ევროს.
2026