ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლებში AI კლუბებს შექმნის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამით სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბებს შექმნის და ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას და განათლების მიღებას შეუწყობს ხელს. პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მიზანია, დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა განათლებაზე.

პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ტრენერების დახმარებით გადამზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ სკოლებში გაუძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კლუბებს უფროსკლასელებისთვის.

პროექტში სულ 30 სკოლა მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ 10-20 მოსწავლის მონაწილეობით.

პროექტის მენეჯერია ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი. პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები, ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბის დახმარებით.

პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული და თარგმნილი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ილიაუნის ვებგვერდზე და მათ გამოყენებას ნებისმიერი სკოლა შეძლებს.

პროექტი 60 მოსწავლისთვის 2-კვირიანი სასწავლო ხელოვნური ინტელექტის ბანაკით დასრულდება.

მონაწილე სკოლების შესარჩევად რეგისტრაცია გამოცხადდება სულ მალე, ადევნეთ თვალი ფაბლაბის ფეისბუქგვერდს: https://bit.ly/3BXLPSO

2021 წელი

 

 

 

ბანერები