ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ

ახალი ამბები

15-16 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების საკითხების შესახებ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამეცნიერო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ევროპელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართული და უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის მკვლევრები, მენეჯერები, კვლევის კეთილსინდისიერების საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები და პროექტის გარე შემფასებელი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჯგუფური მუშაობის ფორმატით. მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდების გზებზე, მათ შორის პრესრელიზების მომზადების, მედიასთან ურთიერთობისა და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებზე. მეორე დღეს მუშაობა გაგრძელდა „მსოფლიო კაფეს“ ფორმატით, რომელზეც განისაზღვრა  ძირითადი გზავნილები კონკრეტული აუდიტორიებისთვის  და მათი გავრცელების შესაბამისი ფორმები, ასევე განხილულ იქნა პროექტის შედეგების სხვა კვლევით ინიციატივებთან დაკავშირებისა და გრძელვადიანი კომუნიკაციის მიდგომების ჩამოყალიბების თემები.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა შეაჯამეს შეძენილი გამოცდილება, განიხილეს სამეცნიერო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მიმართ ნდობის განმტკიცებას.

პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2026

 

ბანერები