დასრულებული პროექტები
ტემპუსი
რეგიონული ინტერდისციპლინარული პოსტსაბაკალავრო კურიკულუმის შემუშავება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლის სფეროებში
პროექტი ითვალისწინებდა ბოლონიის პროცესთან შესაბამისი სტანდარტების მქონე სამაგისტრო და სადოქტორო ინტერდისციპლინარული სასწავლო პროგრამების შექმნას, სამართლის მიმართულების უკრაინელი და ქართველი პროფესორ-მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მექანიზმების შემუშავებას, ენერგოსამართლის მიმართულებით უკრაინასა და საქართველოში საკონსულტაციო ბიუროების გახსნას და ენერგოსამართლის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტის კოორდინატორი: მაგდებურგის უნივერსიტეტი
უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სომხეთსა და საქართველოში და ევროკავშირის განვითარებასთან თავსებადობის ხელშეწყობა (PICQA)
პროექტის მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სომხეთსა და საქართველოში და ევროკავშირის განვითარებასთან თავსებადობის ხელშეწყობა. პროექტის კოორდინატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ASIIN - გერმანული აკრედიტაციის სააგენტო. ევროპელი პარტნიორები იყვნენ: მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია); პედაგოგიური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საფრანგეთი); ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი), ნიდერლანდების უნივერსიტეტთა ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაცია (ნიდერლანდები); როტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია).
ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებებში
ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებებში მიზნად ისახავდა ევროსტანდარტებთან შესაბამის სამაგისტრო პროგრამისა და უწყვეტი განათლების კურსების შემუშავებას/განხორციელებას საბიბლიოთეკო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დაარქივების მიმართულებებით. პროექტი ითვალისწინებდა პარტნიორი ქვეყნების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადებას და უწყვეტი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა კონტროლის მექანიზმები ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებსა და უწყვეტი განათლების კურსებზე.
პროექტის კოორდინატორი: მიდლსექსის უნივერსიტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიური სწავლების პროექტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიური სწავლების პროექტი მიზნად ისახავდა ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდის ხელშეწყობას, რომელიც სტუდენტს ხელს შეუწყობდა აქტიურად ჩართულიყო ექსპერიმენტების განხორციელების პროცესში.
პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი.
გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა სწავლება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად (CIBELES)
პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი კვლევების ეფექტურობის გაზრდას 6 პარტნიორ ქვეყანაში, რაც გულისხმობს მომავალი სპეციალისტებისთვის მათი კვლევისთვის საჭირო პრაქტიკისა და რესურსების (ლიტერატურა და ბიბლიოგრაფია) უზრუნველყოფას. გაიცა გარემოს დაცვისა და ხარისხის მენეჯმენტის პროფესიონალური მაგისტრის ხარისხი.
პროექტის კოორდინატორი: გოტინტენის უნივერსიტეტი (გერმანია). დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი.
სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარება საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში (AS2PHD)
პროექტის მიზანი იყო საქართველოსა და უკრაინაში უმაღლესი განათლების მესამე დონის (დოქტორანტურის) ჰარმონიზება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებთან და პრინციპებთან. პროექტი მიზნად ისახავდა ორი სამოდელო სადოქტორო სკოლის დაარსებას და სტრუქტურული კვლევითი ტრენინგების ჩატარებას.
პროექტის კოორდინატორი: მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ჰოლანდია). დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი.
სხვა პროექტები
სოციალურ მეცნიერებათა კვლევის საუნივერსიტეტო პროგრამა
არიზონას და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებმა განახორციელეს ერთობლივი სოციალურ მეცნიერებათა კვლევის საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე ოცდაათი დოქტორანტისათვის კვლევის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. პროგრამა ითვალისწინებდა მონაწილეების ოთხთვიან ვიზიტს არიზონას უნივერსიტეტში, ონლაინ-კურსებზე დასწრებას და საზაფხულო სკოლის ჩატარებას 2011 წლის ივლისში ამერიკელი პროფესორების მონაწილეობით.
განათლების ადმინისტრირების პროგრამა
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავდა თანამედროვე ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და საჭირო ღირებულებებით აღჭურვილი მომავალი ლიდერების მომზადებას, რომლებიც შეძლებდნენ ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურად მართვას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განათლების მართვის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად.
ჩემი ფერადი სამყარო
პროექტი დაფინანსდა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ. პროექტის მიზანს წარმოადგენდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 3-10 წლის ბავშვებისთვის ჰიპოთერაპიის კურსის შეთავაზება და ამ გზით საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრიდან შეირჩა 15 ბენეფიციარი, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოთერაპიის 10-დღიანი კურსი.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი და კლიმატური ცვლილებების კანონმდებლობის საფუძვლების სწავლება
აშშ-ის ”სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის” (U.S. Civilian Research and Development Foundation - CRDF) ფინანსური მხარდაჭერით და პეისის უნივერსიტეტის ენერგიისა და კლიმატის ცენტრის ხელმძღვანელობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლის იანვარში განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების კანონმდებლობის საფუძვლებს. ასევე შეთავაზებულ იქნა მოკლევადიანი კურსი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთათვის. პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი განათლების ცენტრი და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი.