გამოყენებითი გერმანისტიკა
პროგრამის დასახელება: გამოყენებითი გერმანისტიკა
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი გერმანულ ფილოლოგიაში
პროგრამის მიზანი:
გამოყენებითი გერმანისტიკა ახალი ტიპის სასწავლო პროგრამაა, რომელიც თავისი გამოყენებითი მიზანმიმართულობით სრულად პასუხობს საქართველოს დასაქმების ბაზრის ამჟამინდელ მოთხოვნებს. პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს, გამოიყენოს გერმანული ენა და ფართო ცოდნა გერმანიის კულტურის, ისტორიის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი წყობის შესახებ დარგობრივ კომუნიკაციასა და სამუშაო გარემოში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან არა მხოლოდ გერმანულ ენასა და მის აგებულებას, არამედ გაეცნობიან თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურასა და კულტურას, განივითარებენ გერმანულენოვანი ტექსტების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირების, დიდაქტიზაციისა და ინტერპრეტაცია-თარგმნის საბაზისო უნარს. ამასთან, გამოყენებითი გერმანისტიკის სტუდენტებს გამოუმუშავდებათ კულტურათშორისი კომუნიკაციის უნარი, რითაც ისინი მოემზადებიან შუამავლობისთვის გერმანულენოვან და ქართულ კულტურებს შორის. ისინი ასევე დაეუფლებიან აკადემიური მუშაობის სტანდარტებს, რაოდენობრივი ანალიზისა და გუნდში მუშაობის უნარს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც დასასაქმებლად, ისე მომდევნო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. ამასთან, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა.
სწავლის შედეგები:
გამოყენებითი გერმანისტიკის პროგრამის კურსდამთავრებულს:
- შეუძლია დაასახელოს და აღწეროს თანამედროვე გერმანული ენის ძირითადი ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სტილისტური კატეგორიები;
- შეუძლია ჩამოთვალოს გერმანული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და გადმოსცეს მათი რჩეული ნაწარმოების სიუჟეტი / თემატიკა;
- შეუძლია დაუკავშიროს სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, დარგობრივი, ისტორიული...) გერმანულენოვანი ტექსტი შესაბამის ისტორიულსა და კულტურულ კონტექსტს მისი ახსნის მიზნით;
- შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა სახის გერმანულენოვანი ტექსტის კრიტიკული ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- შეუძლია გამოიყენოს გერმანული ენის სწავლების სხვადასხვა მეთოდი გაკვეთილის დასაგეგმად;
- შეუძლია თარგმნოს სხვადასხვა სახის საშუალო სირთულის გერმანულენოვანი ტექსტი ქართულ ენაზე შესაბამისი სტილის ნორმებისა და წესების დაცვით;
- შეუძლია გამოიყენოს გერმანული ენა საკომუნიკაციოდ B2 დონეზე;
- შეუძლია შეაფასოს გერმანული ენის, გერმანულენოვანი ლიტერატურისა და კულტურის ადგილი და მნიშვნელოვნება ევროპული და მსოფლიო კულტურის კონტექსტში;
- აქვს სასწავლო დარგობრივ საკითხებზე დისკუსიის წარმართვის და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, მათ შორის ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით;
- შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, ინფორმაციის მოძიება და მისი დამოუკიდებლად ანალიზი.
დასაქმების შესაძლებლობები:
- გერმანულენოვან ქვეყნებთან დაკავშირებული კერძო და საჯარო დაწესებულებები;
- საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სფერო (საელჩოს, საკონსულოს, საგარეო უწყების კულტურული პროგრამები);
- ტურიზმის სფერო (თარჯიმანი, გიდი);
- საგამომცემლო დაწესებულებები (მთარგმნელი, რედაქტორი, კრიტიკოსი);
- მასობრივი მედია (მთარგმნელი, მიმომხილველი);
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში);
- საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები;
- საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო;
- არასამთავრობო სექტორი.
საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201, A 302
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
- ✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
- ✉ ketevan.darsania@iliauni.edu.ge
- ✉ keti_jabakhidze@iliauni.edu.ge
მიმაგრებული დოკუმენტები
2025 წლამდე ჩარიცხულთათვის
2025 წლის შემდეგ ჩარიცხულთათვის