ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თომას ჰოიზერმანი

თომას ჰოიზერმანი

თომას ჰოიზერმანი დაიბადა 1947 წლის 31 მარტს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქშივე მიიღო. შემდეგ ლიტერატურულ გიმნაზიაში გადავიდა, სადაც შეისწავლა ლათინური, ფრანგული და ძველბერძნული ენები. მოგვიანებით მშობლებმა ინგლისში გაგზავნეს ინგლისური ენის სასწავლებლად, თუმცა შვეიცარიაში დაბრუნებულმა თომასმა გერმანისტიკის ფაკულტეტი არჩია. ლექციების კურსმა რუსული, განსაკუთრებით კი ოსიპ მანდელშტამის პოეზიის შესახებ, რუსული ენის შესწავლა გადააწყვეტინა. 1972 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თომას ჰოიზერმანი ლენინგრადს ესტუმრა, საიდანაც 2 კვირით საქართველოშიც ჩამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყანაში. ვეებერთელა და ცივი ლენინგრადისგან განსხვავებით, სიცოცხლით აღსავსე, მჩქეფარე თბილისმა მასზე მომაჯადოებელი შთაბეჭდილება მოახდინა. 1991 წელს თომას ჰოიზერმანი, „შვეიცარიის მასწავლებელთა გაერთიანებასთან“ ერთად, უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს და პირველად სწორედ მაშინ მოისმინა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერა ახლად დაარსებულ ანსამბლ „გეორგიკას“ შესრულებით. ქართული სიმღერის ორიგინალურმა და თვითმყოფადმა ხასიათმა უმალ მიიპყრო მისი, როგორც მუსიკათმცოდნის, ყურადღება, რის გამოც ანსამბლის შვეიცარიაში ტურნეზე მიწვევა და შვეიცარიელი მსმენელის ქართული მუსიკის თავისებურებით დაინტერესება გადაწყვიტა. თომას ჰოიზერმანმა მიზნად დაისახა ქართული ხალხური სიმღერის მეცნიერულად შესწავლა. ამ მიზნით, 1994-95 წლებში კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე ერთი წლით ესტუმრა საქართველოს.

ის დღემდე კითხულობს ლექციების კურსს ფოლკლორის საკითხებზე შვეიცარიასა და გერმანიაში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების არაერთი კომპაქტ-დისკი (CD); ასევე, დაინტერესებულია ქართული ლიტერატურის კვლევით. ის ავტორია მონოგრაფიისა “Amor Feti” (“ბედისწერის სიყვარული”) – გრ. რობაქიძის დრამები.

ბატონ თომას ჰოიზერმანს მრავალმხრივი საქმიანობისა და აქტიურობისთვის რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, თომას ჰოიზერმანი 2013 წელს ღირსების ორდენითა და საქართველოს მოქალაქეობით დაჯილდოვდა.

თომას ჰოიზერმანის ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.

პუბლიკაციების სრული სია იხილეთ აქ.

ბანერები