ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვლადიმერ ბუკოვსკი

ვლადიმერ ბუკოვსკი

ვლადიმირ ბუკოვსკი - პროფესიით ნეიროფსიქოლოგი, 1960-1970-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი. მან ერთ-ერთმა პირველმა ამხილა საბჭოთა კავშირი პოლიტიკურ პატიმრებზე განხორციელებულ ფსიქიატრიულ ზემოქმედებაში. ბუკოვსკიმ 12 წელი საბჭოთა ციხეში, მუშათა ბანაკში და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. ის არის კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 1963 წელს ბუკოვსკი დააკავეს მოსკოვის ცენტრში პოეზიის საღამოს მოწყობის გამო; 1965 წელს, მისი ორგანიზებით, გაიმართა დემონსტრაციები, რომელთა მიზანი იყო ცნობილი მწერლების, ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის, მხარდაჭერა. დემონსტრაციებამდე 3 დღით ადრე ბუკოვსკი დააპატიმრეს და, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, 1966 წლის ივლისამდე დაატუსაღეს. 1971 წელს ბუკოვსკიმ მოახერხა, დასავლეთისთვის წარედგინა 150-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიული ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დეტალები. 1972 წელს სასამართლომ მწერალს ბრალი დასდო საბჭოთა ფსიქიატრიის წინააღმდეგ ცილისწამებაში, უცხოურ პრესასთან თანამშრომლობასა და ანტისაბჭოური პუბლიკაციების გავრცელებაში. 1976 წლიდან ვლადიმირ ბუკოვსკი კემბრიჯში (ინგლისში) ცხოვრობს. 1983 წელს ის გახდა პრეზიდენტი საერთაშორისო ანტიკომუნისტური ორგანიზაციისა, რომლის მიზანი იყო დისიდენტებისა და დემოკრატიული მოძრაობების კოორდინირება და ორგანიზებული ანტისაბჭოური გამოსვლებისა თუ დემონსტრაციების დაცვა. 1992 წელს მოსკოვის მერიის ლიბერალმა წარმომადგენლებმა ბუკოვსკის მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს, თუმცა მწერალმა უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე. 1997 წელს, ფლორენციაში გამართულ შეხვედრაზე, ის თავისუფლების კომიტეტის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. ამ საერთაშორისო მოძრაობის მიზანია თავისუფლების კულტურის დაცვა და გაძლიერება ყველგან. ბუკოვსკიმ სხვა მწერლებთან და ისტორიკოსებთან ერთად დააწესა კომუნიზმის მსხვერპლთა ხსენების დღე - 7 ნოემბერი. 2002 წელს, რუსეთის დუმის მემარჯვენე ძალების ლიდერთან, ბორის ნემცოვთან, ერთად ის გახდა თანადამფუძნებლი ორგანიზაციისა „კომიტეტი 2008“, რომლის მთავარი მიზანი იყო რუსული დემოკრატიული ოპოზიციის დაცვა, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (2008). 2007 წლის 28 მაისს ბუკოვსკიმ გადაწყვიტა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ცნობილმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა და მწერლებმა. 800-ზე მეტმა მონაწილემ დაუჭირა მხარი ბუკოვსკის კანდიდატურას, თუმცა, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, იმის გამო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე, ბუკოვსკის არ მისცა მონაწილეობის მიღების უფლება. ბუკოვსკი მრავალი პუბლიკაციის ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია: „საბჭოთა კავშირი: უტოპიიდან კატასტროფამდე“ (USSR: From Utopia to Disaster”), „განაჩენი მოსკოვში“ (Judgment in Moscow), „რუსეთის სხვა მწერლები“ (Russia’s Other Writers) და სხვა. ცნობილ წიგნში - „სახელმძღვანელო ფსიქიატრიაზე დისიტენდებისთვის” (Manual on Psychiatry for Dissenters) - ბუკოვსკიმ ისაუბრა პოლიტიკური ფსიქიატრიის პოტენციურ მსხვერპლზე და ინსტრუქციებზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს დისიდენტი სასამართლო დაკითხვის დროს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფად არ მიიჩნიონ.

ბანერები