ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვიტაუტას ლანდსბერგისი

ვიტაუტას ლანდსბერგისი

ვიტაუტას ლანდსბერგისი - ლიტველი პროფესორი, კონსერვატორი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი. ის იყო ლიტვის სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ. ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო ლიტვის სეიმის (პარლამენტის) სპიკერი. აქტიურად მონაწილეობდა ლიტვის პოლიტიკურ პროცესებში. ის გახლავთ საპატიო პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის ნგრევაში. ლანდსბერგისს დაწერილი აქვს 20 წიგნი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის - პოლიტიკასა და მუსიკაზე. ის არის ინიციატორი და პირველი ხელისმომწერი „პრაღის დეკლარაციისა ევროპულ პრინციპებსა და კომუნიზმზე“. ასევე კომუნიზმის მსხვერპლთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია.

კონსერვატორიის პროფესორმა ლანდსბერგისმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1988 წელს, ანუ მაშინ, როცა ლიტვის დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 1990 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის ლიტვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1990 წლის 11 მარტს, ლანდსბერგისი ხელმძღვანელობდა საპარლამენტო სესიას, რომელზედაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შედეგად, ლიტვა გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ლიტვის კონსტიტუციის თანახმად, ლანდსბერგისი გახდა როგორც სახელმწიფოს ლიდერი, ასევე პარლამენტის სპიკერი. მას ეს პოსტი 1990 წლის მარტიდან 1992 წლის ნოემბრამდე ეკავა.

1993 წელს ვიტაუტას ლანდსბერგისმა დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა 1996 წლის საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ლანდსბერგისმა კიდევ ერთხელ დაიკავა ლიტვის პარლამენტის სპიკერის პოსტი და ეს თანამდებობა 2000 წლამდე ეკავა.
2004 წელს პროფესორი ლანდსბერგისი ლიტველების მიერ არჩეულ იქნა ევროპის პარლამენტის წევრად, ბრიუსელში.

2005 წლის იანვარში პროფესორი ლანდსბერგისი ნაცისტური და საბჭოური სიმბოლოების წინააღმდეგ გამოვიდა. მან წერილი გაუგზავნა ევროკავშირის სამართლისა და უსაფრთხოების კომისარს, ფრანკო ფატინის, და მოითხოვა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღება ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვასთან დაკავშირებით. კომისარი დაინტერესდა ლანდსბერგისის შეთავაზებით და განიხილა ეს საკითხი. ლანდსბერგისის ინიციატივას იტალიელი მემარცხენეები და რუსეთის პარლამენტი დაუპირისპირდნენ. თუმცა ბევრი მხარდამჭერიც შეიძინა, მათ შორის - ალესანდრა მუსოლინა, იტალიელი ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის, შვილიშვილი. ქალბატონის განცხადებით, ლანდსბერგისის შემოთავაზების მიღება ევროპის პარლამენტის წევრების მორალური მოვალეობა იყო.

საბოლოოდ, 2005 წლის თებერვალში, ევროკავშირმა 25 წევრ სახელმწიფოს ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვა შესთავაზა, თუმცა სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ, კონკრეტულად რომელი სიმბოლო უნდა აკრძალულიყო.

პროფესორი ლანდსბერგისი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ჩარევას ბალტიის ქვეყნების საქმეებში, აკრიტიკებდა რუსეთის ქმედებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში და ევროპარლამენტში. პროფესორის განცხადებით, რუსეთს სურს, გააკონტროლოს ლიტვა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები ეკონომიკურად და პოლიტიკურად KGB-ის აგენტების ფართო ქსელის დახმარებითა და სხვა საშუალებებით. ლანდსბერგისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსია, რომელიც მოითხოვდა, რუსეთს ლიტვისთვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, კომპენსაცია გადაეხადა.

ბანერები