ვაცლავ ჰაველი
ვაცლავ ჰაველი - ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი. ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი (1989-1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომლებიც არაერთ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს აშშ-ის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალ „Prospect Magazine“-ის მიერ ჰაველი მეოთხე ნომრად დასახელდა მსოფლიოს 100 ინტელექტუალთა შორის. ჰაველი არის ცნობილი დოკუმენტის - „პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ“ - დამფუძნებელი ხელმომწერი.
ჰაველი პრეზიდენტი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია, შემდეგ კი ჩეხეთი მულტიპარტიულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში ქვეყანამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. მათ შორის იყო სლოვაკეთისგან გამოყოფა, რასაც ჰაველი ეწინააღმდეგებოდა, ნატოს წევრობის მოპოვება და ევროკავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის მიერ თანამდებობის დატოვებიდან ერთ წელიწადში, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.