ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვა პროექტები

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდინგის პროექტი

ბიოლოგიური მრავალფეროვნება დედამიწის ეკოსისტემის ნორმალური ფუნქციონირების საფუძველია. 2019 წელს მომზადებული გაეროს ანგარიში მიუთითებს, რომ ბიომრავალფეროვნება, კერძოდ, სახეობათა მრავალფეროვნება, სწრაფად კლებულობს, რაც საფრთხეს უქმნის ეკოლოგიური გარემოს მდგრადობას. ინფორმაცია სახეობათა გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, საკმარისი არ არის. გერმანიაში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტმა GBOL (German Barcoding of Life Project) აჩვენა, რომ სახეობათა რეალური მრავალფეროვნება, მაგალითად, მწერების ზოგიერთ ჯგუფში, შეიძლება 3-5- ჯერ აღემატებოდეს იმას, რაც აქამდე სისტემატიკოსებს აქვთ აღწერილი. ჩვენი პროექტის ფარგლებში (რომლის სქემა საკმაოდ ჰგავს გერმანულს, თუმცა აქვს ზოგიერთი თავისებურება) დაგეგმილია 3 წლის განმავლობაში 50,000 მწერის, ლოკოკინას, ფრინველის, ძუძუმწოვრის და სხვა ცხოველებისა და მცენარეების გენეტიკური მარკერების შესწავლა და ერთიან მონაცემთა ბაზაში დაგროვება. მოპოვებული ინდივიდების პირველად გარკვევაში მონაწილეობას მიიღებს ილიაუნის სტუდენტური გუნდი (ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტები), ხოლო საბოლოო რკვევას სახეობათა დონეზე (მოსალოდნელია, რომ მათ შორის მეცნიერებისთვის ახალი მრავალი სახეობა იქნება) ჩაატარებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საუკეთესო სისტემატიკოსები.


მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაძლიერდება აქ არსებული დნმ ლაბორატორია და მომავალში მეორე თაობის სექვენირების მეთოდებს გამოიყენებს, რომლებიც აუცილებელია დიდი მოცულობის გენეტიკური სამუშაოს ჩასატარებლად. ჩვენი სტუდენტები ასევე მიიღებენ მონაწილეობას გენეტიკური ანალიზის ჩატარებაში.

პროექტის საერთო ბიუჯეტია 1 999 903 ევრო, საიდანაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაზღვრულია 781 959 ევრო, ხოლო აღნიშნული პროექტის ფარგლებში მთლიანად საქართველოში 912 000 ევრო იხარჯება.

პროექტის ამჟამინდელი პარტნიორები არიან:

1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2. ზოოლოგიის კვლევის მუზეუმი – ალექსანდრე კოენიგი, ბონი, გერმანია
3. ტყის მეცნიერებისა და ტყის ეკოლოგიის ფაკულტეტი, ტყის ინვენტარიზაცია, გოტინგენი, გერმანია

თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

1. (თბილისი): დ. თარხნიშვილი, გ. ანდერსონი, ლ. მუმლაძე, გ. ჩალაძე, მ.მურცხვალაძე, შტეფან ოტო
(ბონი): B. Misof (project PI), J. Astrin, B. Rulik; turs: E. Bärmann

(გოტინგენი): C. Kleinn, L. Fehrmann, NILS HEIN


დონორი ორგანიზაცია: გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (BMBF).

ბანერები