ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

COST პროგრამა

CA22126 – ლექსიკური ინოვაციის ევროპული ქსელი

მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში პროექტის "CA22126 – ლექსიკური ინოვაციის ევროპული ქსელის (ENEOLI)" უმთავრესი მიზანია მკვლევართა ქსელის შექმნა ევროკავშირის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ ლექსიკური ინოვაციების შესწავლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და მეთოდების გაზიარებისათვის (იხ.https://www.cost.eu/actions/CA22126/).

ლექსიკური ინოვაცია ყოვლისმომცველი, მუდმივი და უნივერსალური მოვლენაა. ნეოლოგიზმების შესწავლა ლინგვისტური თვალსაზრისით ხელს უწყობს ამა თუ იმ ენის ლექსიკური სისტემისა და მისი ევოლუციის უკეთ გააზრებას, ხოლო ექსტრალინგვისტური თვალსაზრისით ნეოლოგიზმები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ენობრივ საზოგადოებათა შესახებ.

პროექტის ფარგლებში განსახილველი და შესასწავლი საკვანძო საკითხები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

  1. განისაზღვრება ნეოლოგიზმის, როგორც დარგის, ძირითადი ტერმინოლოგია. ამისთვის შეიქმნება ციფრული მრავალენოვანი გლოსარიუმი (ამჟამად არ არსებობს), რომელიც ხელს შეუწყობს კვლევას საერთაშორისო მასშტაბით;
  2. მოხდება ციფრული მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების ადაპტირება ლექსიკური ინოვაციების იდენტიფიცირებისთვის; ინსტიტუციების, ექსპერტებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით გაიზრდება ლექსიკური სიახლეების ცნობადობა და მათი გავლენა საზოგადოებაზე, ხელი შეეწყობა შემოქმედებითობის განვითარებას მშობლიურ ენებში და სიცხადეს ინსტიტუციურ კომუნიკაციასა და მეცნიერებაში;
  3. განხორციელდება ლექსიკური ინოვაციების შედარებითი შესწავლა ევროპულ ენებში განსაკუთრებული აქცენტით ნასესხობებსა და მათ ეკვივალენტებზე;
  4. მთარგმნელების, რედაქტორების, ჟურნალისტების, მწერლებისა და მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები ნეოლოგიზმების საკითხებზე სპეციალური პროტოკოლის საშუალებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ევროპული ენისთვის.

პროექტის ფარგლებში იმუშავებს ოთხი სამუშაო ჯგუფი:

WG1: ნეოლოგიზმის მრავალენოვანი გლოსარიუმი;
WG2: მეთოდები, ციფრული რესურსები და ინსტრუმენტები ნეოლოგიზმების კვლევისათვის;
WG3: ნეოლოგიზმების დიაქრონიული და სინქრონიული შედარებითი შესწავლა;
WG4: ტრენინგი ნეოლოგიზმების საკითხებზე.

პროექტის საკვანძო სიტყვები:

ლექსიკური ინოვაცია, ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია, ციფრული კორპუსები, თარგმნა

მმართველი კომიტეტის წევრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე. COST კონსორციუმის ENEOLI პროგრამას კოორდინაციას უწევს ვერონის უნივერსიტეტი (იტალია) მმართველი კომიტეტის წევრებთან ერთად.

პროექტი იწყება 2023 წლის 6 ოქტომბერს ოთხწლიანი დაფინანსებით და დასრულდება 2027 წელს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს: https://www.cost.eu/actions/CA22126/

2023 

ბანერები