სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის საბაკალავრო პროგრამა (180 კრედიტი)

სამართლის საბაკალავრო პროგრამა (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 180  ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს შემუშავდა და პერიოდულად  ანახლებენ სასწავლო პროცესის გასაუმჯბესებლად.

2017 წლიდან ილიაუნის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა  მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა -ი Lexis Nexis Academic, რომელიც აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაციო რესურსს. მასში ხელმისაწვდომია ამერიკის როგორც ფედერალური, ისე საშტატო, სასამართლოების მასალები და ასობით იურიდიული მიმოხილვა.

2018-2019 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG)“  თანამშრომლობით დაფუძნდა ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკა. პროექტის ფარგლებში სამართლის სკოლა თანამშრომლობს ნორსვესტერნის (ჩიკაგო, აშშ) უნივერსიტეტთან.

სტუდენტები ადამიანის უფლებათა კლინიკაში მუშაობენ რეალურ შემთხვევებზე და იძიებენ კონკრეტულ საქმეებს. კლინიკის მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა.

პროგრამის მიზანი

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სამართლის დარგის კონკურეტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც

ა) ექნება  ფართო ცოდნა სამართლის არსის, ძირითადი პრინციპების, ეროვნული სისტემის თავისებურებების, ხოლო საჯარო, სისხლის, კერძო და საერთაშორისო სამართლის ძირითადი საკითხების სპეციფიკის შესახებ;

ბ) შეძლებს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათ ანალიზს და პრობლემის გადაწყვეტისთვის საჭირო იურიდიული მოქმედების განსაზღვრას  წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;

გ) შეძლებს სამართლებრივ პრობლემებზე იურიდიული არგუმენტაციით, სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;

დ) შეძლებს მოქმედებას იურისტის პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით  და ადამიანის ძირითადი  უფლებების პატივისცემის გზით.

სწავლების ძირითადი მიმართულებები:

სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პროგრამული საგნები მოიცავს ისეთ მასალას, რომელიც დაფუძნებულია:

  • სამართლის შესავალ ნაწილზე
  • საჯარო სამართალზე
  • კერძო სამართალზე
  • სისხლის სამართალზე
  • საერთაშორისო სამართალზე

პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს მისთვის საინტერესო მიმართულებიდან აირჩიოს სასურველი სასწავლო კურსები, რომლებიც  ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

სწავლის შედეგები

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

  1. აღწერს და განმარტავს სამართლის არსს, ძირითად პრინციპებს,, სამართლის ძირითად მეთოდებს, სამართლის ნორმის ძირითად სახეებს,  ადამიანის უფლებათა კონცეპტუალურ და ღირებულებით საკითხებს და ახასიათებს მათ მნიშვნელობას სახელმწიფოს ფუნქციონირებაში.
  2.  აღწერს საჯარო, სისხლის და კერძო სამართლის სისტემებს,    მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის თავისებურებებს,  საერთაშორისო სამართლის ძირითად თეორიებს და რეგულირების თავისებურებებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის თანაფარდობას და კრიტიკულად განიხილავს მათ;
  3. აანალიზებს სამართლებრივ პრობლემებს, აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს  და მათი გადაწყვეტისათვის საჭირო ნორმატიული საფუძვლების, სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით არგუმენტირებულად აყალიბებს  სამართლებრივ დასკვნებს;
  1. ავლენს იურიდიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ უნარებს, რომელიც მოიცავს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების  პროექტების შედგენას, ასევე დავის გადაწყვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას, აკადემიური და ეთიკური სტანდარტების დაცვით;
  2. აყალიბებს პოზიციას სამართლებრივი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ  და წარადგენს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ზეპირი და წერილობითი ფორმით;
  3. შეუძლია საკუთარი სწავლის და პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, საჭირო რესურსების მოძიება და გამოყენება ცოდნის  მუდმივი განახლების მიზნით;
  4. პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და მოქმედებს  იურისტის ეთიკური სტანდარტებისა და პროფესიული ქცევის წესების შესაბამისად.

სწავლის მეთოდები:

სამართლის  საბაკალავრო პროგრამაში პრაქტიკული უნარების განვითარება გათვალისწინებულია როგორც  სხვადასხვა სასწავლო კურსის  თემატიკის პრაქტიკული სწავლებით, აგრეთვე პრაქტიკული სასაწავლო კურსების შეთავაზებით (პრაქტიკული კომპონენტი). სასწავლო  პროგრამაში გამოიყენება ინტერაქციული ლექციები და სემინარები, დისკუსია/დებატები, ჯგუფური მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება, შემთხვევის ანალიზი (Case study), კაზუსის ამოხსნა, ანალიზი და სინთეზი, გონებრივი იერიში (Brain storming), როლური და სიტუაციური თამაშები  (იმიტირებული პროცესი), დემონსტრირების მეთოდი და პრაქტიკული მუშაობის მეთოდი. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სამართლის სკოლის კლინიკებითა და კვლევითი ცენტრებით.

დასაქმების შესაძლებლობები

სამართლის ბაკალავრს შეუძლია საქმიანობის განხორციელება საჯარო, კორპორაციულ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. იმისთვის, რომ სამართლის ბაკალავრის ხარისხის მქონემ შეძლოს ადვოკატის, პროკურორის ან ნოტარიუსის პროფესიით საქმიანობა, მან უნდა ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდები. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე,  რომელზეც არ ითხოვენ სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

ამავე დროს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამაგისტრო საფეხურზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.  პროგრამით მიღებული ცოდნა კურსდამთავრებულს კონკურენტუნარიანს გახდის თავის სფეროში.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები