ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Online Iliauni

ონლაინ ილიაუნი - უკედლო აუდიტორია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის –  ონლაინ ილიაუნი (http://online.iliauni.edu.ge/) ფარგლებში შექმნილ ონლაინ პორტალზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს ონლაინ კურსი მისთვის საინტერესო მიმართულებით. 

საგანმანათლებლო რესურსები გადანაწილებულია რამდენიმე სექციაში: 

კურსები – სექციაში განთავსებულია სხვადასხვა მიმართულების სრული კურსები, რომლებშიც ინტეგრირებულია ტესტები. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს, კურსის გავლისას შეაფასოს საკუთარი ცოდნა. ვიდეოვერსიის პარალელურად შესაძლებელია კურსში შემავალი ლექციების ბეჭდური სახით ნახვა. მსურველთ შეუძლიათ ლექტორისთვის შეკითხვების დასმაც.
ლექციები – სექციაში განთავსებულია ცალკეული (მაგალითად, ილიაუნიში მოწვეული ლექტორების მიერ წაკითხული) ლექციები ან სასწავლო პროცესის განმავლობაში მიმდინარე კურსებიდან ლექციების ვიდეოჩანაწერები.
ტუტორიალები – სასწავლო ტუტორიალები კონკრეტული პრაქტიკული ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, როგორ ავკინძოთ წიგნი, დავამუშაოთ ხმა კომპიუტერულად ან გავსხლათ ხე და ა. შ.
ონლაინ ტელევიზია – სექციაში თავსდება სატელევიზიო ფორმატის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებშიც ქართველი მეცნიერები თავიანთი პროფესიული არჩევანის შესახებ საუბრობენ.
ონლაინ მოსამზადებელი კურსები – სექციაში თავსდება სასწავლო მასალები მოსამზადებელ ეტაპზე მყოფი მსურველებისთვის, მაგალითად, ონლაინ ტესტები უნარებში. 

პროექტის ფარგლებში ილიაუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კურსის – შესავალი თანამედროვე აზროვნებაში – ბაზაზე მომზადდა რამდენიმე სატელევიზიო ფორმატის ფილმი, რომლებიც ცალკეული ლექციების სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ეს სასწავლო მასალა გამოადგება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე, სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული კურსი. 

სტუდენტებს შესწავლილის სახელდახელოდ მომზადებული კონსპექტებით გამეორების ნაცვლად, ონლაინ პორტალზე აქვთ საშუალება, ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოფილმების მეშვეობით მიუბრუნდნენ განვლილ მასალას. 

რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, დღეს ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის არაერთი საშუალება არსებობს. სტუდენტებს შეუძლიათ ვიდეოს ტელეფონით გადაღება, სოციალურ მედიაში გაზიარება, ტეგის დართვა, პოსტის სოციალური მედიის რომელიმე არხზე გამოქვეყნება და საინტერესო ისტორიის ასე მოყოლა მეგობრებისთვის. ფაქტობრივად, საკუთარი მედიაარხის ამუშავება ინტერნეტში. 

დისტანციური სწავლება ბევრი დიდი და პატარა უნივერსიტეტისთვის არის ცნობილი და ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ბევრ პრესტიჟულ სასწავლებელშია შესაძლებელი ონლაინ კურსის გავლა და მისი დასრულების შემდეგ რეალური დიპლომის მიღებაც კი. ამგვარი კურსების შექმნისას აქტიურად გამოიყენება ბოლო დროის ტექნოლოგიური მიღწევები. ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პროექტის საიტზე მითითებულია, რომ ეს უნივერსიტეტი მსურველებს სამასზე მეტი მიმართულებით სთავაზობს სწავლებას. ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი, აშშ-ის ორწლიანი კოლეჯების 91%-ს აქვს ონლაინ კურსები .

პროექტზე მუშაობენ:
ზურა ჯიშკარიანი
სანდრო ასათიანი
თემურ ეზუგბაია

ვებგვერდი: http://online.iliauni.edu.ge

ბანერები