ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პიკნიკი

სამეცნიერო პიკნიკი 2017

ახალი ამბები

30 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეექვსე სამეცნიერო პიკნიკს გამართავს.

2017 წლის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 36 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს, სკოლებს, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო პიკნიკისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“. კარვებში სტუმრებს სხვადასხვა თემატიკის შემეცნებით და გასართობ პროგრამებს შესთავაზებენ; სცენა დაეთმობა „ექსპერიმენტორიუმს“, რომელიც სახალისო და სანახაობრივ შოუპროგრამას წარმოადგენს. თბილისის ზოოპარკი კვლავ უმასპინძლებს ღონისძიების მონაწილეთ. მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს საინტერესო თემებზე. პირველკურსელების მიღების ცერემონია – Welcome Party 2017 გაგრძელდება სტუდენტების დაჯილდოებით. პიკნიკის დასასრულს გაიმართება MokuMoku-სა და ჯგუფ „არას“ კონცერტი.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
წელს ილიაუნის სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.

ისტორია 

სამეცნიერო პიკნიკი სხვადასხვა სახელწოდებითა და ვარიაციით ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ეფუძნება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის წარმატებულ მოდელს, ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მეცნიერებას ეძღვნება, და ასევე ღია ცის ქვეშ ეწყობა.

• 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი;

• 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და დამთვალიერებელთა რაოდენობამ შეადგინა 13 000. სამეცნიერო პიკნიკზე ილიაუნის ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში.

• 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდა 15 000-მდე. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი, რომელმაც ღონისძიების თითოეულ აქტივობას მოდერაცია გაუწია და უზრუნველყო დამსწრეთა ჩართულობა სახალისო სამეცნიერო აქტივობებში. 2014 წლის სამეცნიერო პიკნიკზე ხელმეორედ გაიმართა რობოტების თამაში.

• 2015 წელს, წინა წლების მსგავსად, დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა – პიკნიკის ვიზიტორთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ წელს მოეწყო ინოვაციურ გამოგონებათა პირველი გამოფენა საქართველოში, რომელმაც ვიზიტორთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

• 2016 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში.

დრო: 30 სექტემბერი, 11:00-22:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, თბილისი 

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები