ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევრის, ფალკო შმიდერის, ლექციათა ციკლი XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ

ღონისძიებები

9, 10, 12 და 13 ნოემბერს, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში წარმართავს ლექციათა ციკლს, რომელიც მიეძღვნება XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიაში ისეთ საკვანძო ფიგურებს, როგორებიც არიან: ვალტერ ბენიამინი, ერნსტ ბლოხი, თეოდორ ადორნო და მიშელ ფუკო. ამ მოაზროვნეების მიდგომათა საერთო ნიშანი ისაა, რომ ყოველი მათგანი ეყრდნობა საზოგადოების მარქსისეულ ანალიზს, რომელმაც XX საუკუნეში ახალ გამოცდილებებს გაუღო კარი, ბოლოდროინდელი ისტორიული გამოცდილების გადმოსახედიდან კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ციკლის თითოეულ ლექციაში წარმოდგენილი იქნება ამ ავტორთაგან ერთ-ერთის ძირითადი სააზროვნო ფორმები და დაისმება კითხვა, თუ რამდენად აქტუალურნი შეიძლება იყვნენ ეს პოლიტიკური მოაზროვნეები დღეს.

ფალკო შმიდერის შესახებ
დრ. ფალკო შმიდერი (Falko Schmieder) - კულტურის მკვლევარი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) დირექტორის პირადი რეფერენტი და მეცნიერ-თანამშრომელი.
დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში 1994–2000 წლებში კომუნიკაციისა და პოლიტიკის მეცნიერებების, სოციოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ, შმიდერმა 2004 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია.

შრომები:

  • „ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური ფოტოგრაფიის შემოსვლა. ანთროპოლოგიური და ისტორიული მატერიალიზმის ურთიერთმიმართებისათვის“, 2004;
  • „ცნების ისტორია და ისტორიული სემანტიკა. გზამკვლევი“ (ერნსტ მიულერთან ერთად), 2015.

ლექციების განრიგი

ვალტერ ბენიამინი („პასაჟების პროექტი“, "ისტორიის ცნების შესახებ")
დრო: 9 ნოემბერი, 14:00 საათი

ერნსტ ბლოხი („ნაკვალევები“, „დღევანდელობის მემკვიდრეობა“, „პოლიტიკური მოზომვები, ჟამიანობა, ფორმერცი“)
დრო: 10 ნოემბერი, 13:00 საათი

თეოდორ ადორნო („განმანათლებლობის დიალექტიკა“, „ნეგატიური დიალექტიკა“)
დრო: 12 ნოემბერი, 13:00 საათი

მიშელ ფუკო („სიტყვები და საგნები“, არქეოლოგია, გენეალოგია)
დრო: 13 ნოემბერი, 14:00 საათი

ლექციები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. №1)

ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები