ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ფალკო შმიდერის საჯარო ლექცია: ერნსტ ბლოხი - „ნაკვალევები“, „დღევანდელობის მემკვიდრეობა“, „პოლიტიკური მოზომვები, ჟამიანობა, ფორმერცი“

ღონისძიებები

10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ერნსტ ბლოხი - „ნაკვალევები“, „დღევანდელობის მემკვიდრეობა“, „პოლიტიკური მოზომვები, ჟამიანობა, ფორმერცი“.

ერნსტ ბლოხი მიეკუთვნება იმ ფიგურათა რიცხვს, რომლებიც მარქსიზმის სტალინისტურ და სოციალდემოკრატიულ ინტერპრეტაციებს განუდგნენ და მარქსისტული აზროვნების განახლება დაისახეს მიზნად. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას მის წიგნში - „დღევანდელობის მემკვიდრეობა“ - მოცემულ ფაშიზმის ანალიზს, რასთან დაკავშირებითაც მან ერთდროულობისა და არაერთდროულობის ცნებები განავითარა. მისი უპირველესი მიზანი იყო, გადაერჩინა და ახლებურად შეეთვისებინა უტოპიური აზროვნება, რომელიც, მისი სურვილის მიხედვით, კრიტიკული აზროვნების სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. საგულისხმო და მრავლისმეტყველია დაძაბულობები, რომლებიც მთელ მის შრომებს განმსჭვალავს: ის, ერთი მხრივ, აკრიტიკებს მარქსისტულ ორთოდოქსულობას, მეორე მხრივ კი თვითონვეა მასში გამომწყვდეული; ანდა, ერთი მხრივ, ამძაფრებს სუბიექტურ ფაქტორებზე ხაზგასმას, თუმცა, ამავე დროს, უარს ამბობს ფსიქოანალიზის რეცეფციაზე; გარდა ამისა, ბლოხთან შენარჩუნებულია პროგრესის ტრადიციული ცნება, მშრომელთა კლასს კი ის არაკრიტიკულად უყურებს.

დრო: 10 ნოემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები